რაჭის რომელმა შეძლებულმა და გავლენიანმა ერისთავმა ააშენა დედათა მონასტერი იერუსალიმში?!

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის იმერეთის სამეფოში ძალიან სწრაფად ხდებოდა მეფეების შეცვლა. ამის მიზეზს, რა თქმა უნდა, სუსტი სამეფო ხელისუფლება წარმოადგენდა. მკვეთრად იცვლება ვითარება, როდესაც სამეფო ტახტზე სოლომონ პირველი ადის. ამ პერიოდისთვის იმერეთის მეფესთან ყველაზე ცნობილ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა რაჭის ერისთავი როსტომი. თუ როგორ განვითარდა და დასრულდა ურთიერთობა ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს.

მიხეილ ბახტაძე: მეთხუთმეტე საუკუნეში საქართველო დაიშალა იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამეფოებად. მათგან, სამეფო ხელისუფლება ყველაზე სუსტი იმერეთში იყო, რის შედეგადაც, საკმაოდ მცირე დროში, იმერეთის სამეფოს ჯერ ოდიშის სამთავრო გამოეყო, შემდეგ – გურიის. ამას ემატებოდა ისიც, რომ ძალიან გაძლიერდნენ ფეოდალები და მათი მონარქთან დაპირისპირების ფონზე, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის იმერეთის სამეფოში უამრავი მეფე გამოიცვალა. მეფესთან დაპირისპირებულ ერთ-ერთ ცნობილ მხარეს წარმოადგენდა ჩხეტიძეთა (ჩხეიძეთა) საგვარეულო.

– რა ვიცით მათ შესახებ?

– ჩხეტიძეები (ჩხეიძეები) მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხდებიან რაჭის ერისთავები. ისინი ნელ-ნელა ძლიერდებიან, იმორჩილებენ ადგილობრივ თავადებს, აზნაურებს და ხშირად აქვთ დაპირისპირება სამეფო ხელისუფლებასთან. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გამწვავდა, როდესაც იმერეთის მეფე გახდა სოლომონ პირველი. სოლომონ პირველი სამეფო ხელისუფლებას აძლიერებდა, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს ქმნიდა და ცხადია, ვერ აიტანდა ფეოდალების თვითნებობას. სოლომონი 1752 წელს გამეფდა, ხოლო ერთი წლით ადრე რაჭის ერისთავი გახდა როსტომი. ამ დროისთვის რაჭის ერისთავები ძალიან გაძლიერებულები არიან. მათ თითქმის გამოდევნილი ჰყავთ რაჭიდან სხვა თავადები: ჯაფარიძეები, იაშვილები, დიდი დავა აქვთ წერეთლებთან არგვეთისა და რაჭის მოსაზღვრე ტერიტორიების გამო.

როსტომი საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, მის დროს არის აგებული ბარაკონის ეკლესია რაჭაში. ტიმოთე გაბაშვილი ასეთ ინფორმაციასაც გვაწვდის: როსტომმა იერუსალიმში დედათა მონასტერიც ააშენაო. როსტომ ერისთავი უაღრესად განათლებული კაცი იყო, ზეპირად იცოდა სახარება, „ვეფხისტყაოსანი”, ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი, საერთოდაც, ძალიან მდიდარი იყო და უამრავი ყმა-მომვლელი ჰყავდა. 1770 წელს საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი იმყოფებოდა – კაპიტანი იაზიკოვი, რომელმაც დაწერა, მეფე სოლომონზე უფრო მდიდარი არის ეს რაჭის ერისთავიო.

– რა ადგილი ეკავა როსტომ ერისთავს იმდროინდელ საქართველოში?

– როსტომი ძალიან გავლენიანი კაცი იყო. სხვათა შორის, საკმაოდ დიდ პატივს სცემდა როსტომ ერისთავს ერეკლე მეორე, რა თქმა უნდა, ოდიშისა და გურიის მთავრებიც. პრინციპში, სოციალური სტატუსით რაჭის ერისთავი როსტომი უფრო დაბლა იდგა, ვიდრე ოდიშისა და გურიის მთავრები, მაგრამ მათ დონეზე მოიხსენიებოდა. უფრო მეტიც, რაჭის ერისთავი მეფესაც არ უყადრებდა თავს და არაფრით მიაჩნია თავი მასზე ნაკლებად.

– როსტომის ოჯახის შესახებ რა ინფორმაციაა ისტორიაში შემონახული?

– რაჭის ერისთავს შვიდი ვაჟი ჰყავდა. მამამისი იყო შოშიტა რაჭის ერისთავი, დედამისი კი ბაგრატიონის ქალი გახლდათ, რაც, ეტყობა, როსტომის ამბიციებს კიდევ უფრო აძლიერებდა, რომ ბაგრატიონთა სისხლი ერია.

როგორც ჩანს, როსტომი თავიდანვე მიხვდა, რომ სოლომონთან ვერ ექნებოდა კარგი ურთიერთობა და ამიტომ დაიწყო მზადება, გაამაგრა თავისი ციხეები, ყოველთვის მზადყოფნაში ჰყავდა 500-კაციანი რაზმი. 1753 წლისთვის როსტომი დაუკავშირდა მეფის მოწინააღმდეგეებს და მათი დახმარებით მოახერხა სოლომონის ტახტიდან ჩამოგდება. ძირითადი მოქმედი პირები მის ჩამოგდებაში იყვნენ როსტომი და სოლომონის ბაბუა – ლევან აბაშიძე. თუმცა, სოლომონმა მოახერხა ტახტის დაბრუნება. ამის შემდეგ, 1757 წელს, მოხდა ცნობილი ხრესილის ბრძოლა, რომელშიც სოლომონ პირველმა დაამარცხა ოსმალები.

– როგორც ცნობილია, ხრესილის ბრძოლაში რაჭის ერისთავი სოლომონ მეფის მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერი იყო.

– უფრო მეტიც, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ოსმალების მხარეს იბრძოდნენ რაჭის ერისთავი როსტომი და სოლომონის ბაბუა – ლევან აბაშიძე. ლევანი მოკლეს ამ ბრძოლის დროს, ერისთავი – გაიქცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოლომონ მეფემ მის წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთება ვერ გაბედა. ერთადერთი, ის იყო, რომ მეფემ მას მიუტევა და დაუტოვა რაჭის ერისთავობა. ერისთავმაც პირობა დადო, რომ ამიერიდან მეფის ერთგული იქნებოდა.

– ჩამოვარდა თუ არა ამის შემდეგ მეფესა და გავლენიან ერისთავს შორის მშვიდობა?

– მეფისა და რაჭის ერისთავის შეთანხმების შემდეგ, სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მართლაც მშვიდობამ დაისადგურა. როდესაც იმერეთში თურქები შემოიჭრნენ, როსტომ ერისთავმა მათ არ დაუჭირა მხარი და მეფის მხარე დაიცვა. თუმცა, დაახლოებით 1763 წლიდან, რაჭის ერისთავი ისევ იწყებს მეფის წინააღმდეგ ბრძოლას. ის ცდილობს, სოლომონ პირველს დაუპირისპიროს მისი ბიძაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონი – დახმარებისთვის მიმართავს ახალციხის ფაშას, თეიმურაზი ჩამოჰყავს და ტახტზეც კი სვამს ცოტა ხნით, მაგრამ სოლომონ პირველი მალე ისევ იბრუნებს მეფის ტიტულსა და ძალაუფლებას.

– მიმართა თუ არა ამის შემდეგ მეფე სოლომონმა რაიმე გადამჭრელ ზომებს როსტომ ერისთავის დასამორჩილებლად?

– 1767 წელს სოლომონ პირველმა სცადა რაჭაში შეჭრილიყო, რისთვისაც ლეკების ჯარი დაიქირავა. შედეგად, რაჭა კი დაიკავა, მაგრამ როსტომი ვერ შეიპყრო. ერისთავი ოდიში, დადიანთან გაიქცა. 1769 წელს მეფე ხელმეორედ შევიდა რაჭაში, თუმცა ვერც ამჯერად მოახერხა ერისთავის შეპყრობა. ამ მომენტში პოლიტიკურ მოვლენებში ძალიან აქტიურად ერევა როსტომ ერისთავის ძმა – ბესარიონი, რომელიც აფხაზეთის კათალიკოსი გახლდათ. როსტომს ამ მხრივაც ძალიან დიდი ზურგი აქვს – ძმა ჰყავს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მეთაური. ბესარიონი, ცხადია, თავის ძმას უჭერს მხარს, აქედან გამომდინარე, მეფის მოწინააღმდეგეა. ის მიდის ახალციხეში და ახალციხის ფაშას დახმარებას სთხოვს იმერეთის მეფის წინააღმდეგ. თვითონ რაჭის ერისთავი კი, ყაბარდოში გზავნის თავის ერთ-ერთ ვაჟს – გიორგის, დახმარების მისაღებად. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ვერც ყაბარდოდან მიიღეს ერისთავებმა დახმარება, როსტომის ძმა ბესარიონი კი ახალციხის ფაშამ, რომელსაც იმხანად საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სოლომონ პირველთან, დაატყვევა. თუმცა ბესარიონმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, წავიდა ოდიშში და ამის შემდეგ ის წყაროებში ოდიშის კათოლიკოსად იწოდებოდა, რამეთუ სოლომონმა იგი გადააყენა კათოლიკოსობიდან და მის თანამდებობაზე თავისი საკუთარი ძმა დანიშნა.

1769 წელს, მეფესა და ერისთავს შორის კვლავ მოხდა შეთანხმება. მათ ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს, მაგრამ, სამი თვის შემდეგ სოლომონ პირველმა შეიტყო, რომ როსტომ ერისთავი მაინც განაგრძობდა მეფის წინააღმდეგ საქმიანობას და დარწმუნდა, რომ მასთან შეთანხმებას არავითარი აზრი არ აქვს. მან გადაწყვიტა მისი შეპყრობა და მოახერხა კიდეც.

– როგორ მოახერხა მეფემ როსტომ ერისთავის შეპყრობა?

– ზუსტად არ არის ცნობილი. ამ ამბის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, როსტომს უღალატეს. შესთავაზეს, ვითომ სოლომონს მასთან მშვიდობიანი შეხვედრა უნდოდა. როსტომ ერისთავი ენდო, წამოვიდა და დაიჭირეს. როგორც ჩანს, როსტომის შეპყრობა ეშმაკობითა და ღალატით განხორციელდა, იმიტომ, რომ მეფე, რაჭაში ჯარით არ შესულა, რადგან წინა შემთხვევებიდან დარწმუნდა, რომ როსტომ ერისთავის დამორჩილებას ძალით ვერ შეძლებდა. შესაძლოა, საკუთარი გარემოცვიდან უღალატეს როსტომს. შეპყრობის შემდეგ მას ჩამოართვეს ყმა-მამული. მეფემ გამოაცხადა, რომ მისი ქონება სახელმწიფოსი გახდა, ნაწილი კი ამ ქონებისა დაუბრუნა მეფის ერთგულ წერეთლებს, წულუკიძეებს, ჯაფარიძეებს. დატყვევებული როსტომ ერისთავი და მისი ვაჟები, ერთი ცნობის მიხედვით, გეგუთის ციხეში მიიყვანეს, მეორის მიხედვით კი – ვარციხეში. ეს ამბავი სექტემბერში მოხდა. როსტომი და მისი ვაჟები სასტიკად დასაჯეს: როსტომს ორივე თვალი დასთხარეს, მის შვილებს კი, როგორც ჩანს – თითო-თითო, რადგან შემდეგში ასეთ ინფორმაციას ვკითხულობთ: მოგვიანებით როსტომის ვაჟებმა შეძლეს ციხიდან გაპარვა და თურქეთში გადასვლა. ორივე თვალით დაბრმავებულნი კი, ცხადია, ამას ვერ შეძლებდნენ.

– როსტომ ერისთავს რა ბედი ეწია?

– თვალებდათხრილი როსტომი სიცოცხლის ბოლომდე ტყვეობაში იმყოფებოდა. ზუსტად არაა ცნობილი, როდის გარდაიცვალა როსტომ ერისთავი, მაგრამ მისი დატყვევებიდან რვა წლის შემდეგ სხვადასხვა წყაროში ჩნდება ინფორმაცია, რომ ეს კაცი ჯერ ისევ ცოცხალია. სავარაუდოდ, ის მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა.

ცხადია, სასტიკი სასჯელია, რაც მეფემ რაჭის ერისთავისა და მისი ვაჟების წინააღმდეგ განახორციელა, თუმცა მათ თავისი მოქმედებით გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განათლებული პიროვნება იყო როსტომი და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებდა, მთელი მისი მოღვაწეობა მაინც ფასდება, როგორც ბრძოლა სოლომონ პირველის, ანუ თავისი მხარის ერთიანობის წინააღმდეგ. კი, ნიჭიერიც იყო, ტაძრებსაც აგებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ყველაფერს ხაზს უსვამს ის, რომ ის ებრძოდა საკუთარ მეფესა და ქვეყანას. სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას კი ვერაფრით გაამართლებს ადამიანი.

– არსებობს ინფორმაცია, თითქოს სოლომონ მეფემ ბოლოს მაინც შეუნდო როსტომ ერისთავის შვილებს და მათ ჩამორთმეული ქონება და მამულები დაუბრუნდათ.

– ზოგიერთი ცნობით, მოგვიანებით თითქოს როსტომ ერისთავის ვაჟები კვლავ დაბრუნდნენ რაჭაში, თუმცა, ძნელია ამის დაჯერება. იმიტომ რომ, როდესაც 1769 წელს შეიპყრეს ისინი, იქ მეფემ თვითონაც პირობა დადო და სხვებსაც დაადებინა, რომ შემდგომში არავინ, არც როსტომს, არც მის შვილებსა და შვილიშვილებს აღარ დაუბრუნებდა რაჭაში ჩამორთმეულ ქონებასა და ადგილ-მამულებს.

როსტომისა და მისი ვაჟების შეპყრობის მერე მეფემ რაჭაში საერისთავო გააუქმა და ამის შემდეგ იმერეთის მეფის ხელისუფლებას წინააღმდეგობა აღარც ჰქონია ამ მხარეში. თუმცა, მოგვიანებით, 1810 წელს, თვით იმერეთის სამეფოც გაუქმდა.

“თბილისელები”

2009-11-18

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო. Bookmark the permalink.

2 Responses to რაჭის რომელმა შეძლებულმა და გავლენიანმა ერისთავმა ააშენა დედათა მონასტერი იერუსალიმში?!

  1. diaokh says:

    საკმაოს მდარე ხარიხსის სტატიაა, თუმცა მაინც ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს შეიცავს.

  2. diaokh says:

    რაც შეეხება ვიდეოს, მამა დავითი ძალიან ღირსეული პიროვნებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s