მარკუს ავრელიუსი (161-180)

იმპერატორი მარკუს ავრელიუსი იყო უდიდესი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. იგი გახლდათ შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა).
მარკუს ავრელიუსის პრინციპატობის დასაწყისი აღინიშნა განუწყვეტელი წყალდიდობებით, მიწისძვრებით, შიმშილობებით, შინააშლილობებით და ბარბაროსთა შემოსევებით. ბედის ირონიით, მშვიდობისმოყვარე, ქველმა და ბრძენმა იმპერატორმა, თავისი იმპერატორობის 19 წლიდან 15 საბრძოლო კარვებში გაატარა. მარკუს ავრელიუსი იყო უკანასკნელი ფურცელი რომის დიდების ისტორიაში.
მარკუს ავრელიუსი უზენაეს ძალაუფლებას უყურებდა არა როგორც მესიანისტურ დანიშნულებას ან თვითგანდიდების საშუალებას, არამედ როგორც მძიმე ტვირთს და მოვალეობას. იმპერატორი კრიტიკის თვალით უყურებდა რომაულ არისტოკრატიას, მის თვალში ფასობდა პიროვნების ინდივიდუალური ღირსებანი, მისი განსწავლულობა, პატიოსნება, კეთილშობილება. იმპერატორმა საიმპერატორო კარზე დააწინაურა ფილოსოფოსები, ანუ გვაროვნულ არისტოკრატიას ჩაენაცვლა ინტელექტუალური არისტოკრატია. როცა მარკუს ავრელიუსზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს პლატონის იდეები. სწორედ მარკუს ავრელიუსმა შეასხა ხორცი პლატონის იდეალებს: სამყაროს ფილოსოფოსები მართავდნენ. თუმცა ამას თავისი უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა. რომს ყოველი მხრიდან მოაწყდნენ ვითომ ფილოსოფოსები, თვითმარქვიები და ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა კიდეც თბილ ადგილზე მოკალათება…

იმპერატორი დიდ ყურადღებას აქცევდა ხანაგების მშენებლობას მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვებისათვის, დავრდომილთათვის, მიუსაფართათვის. ასევე აღკვეთილ იქნა მონობის ზოგიერთი არაადამიანური სისასტიკე, აიკრძალა მონის მოკვლა, წამება და დასახიჩრება, ქმრის, ცოლისა და მათი ბავშვების ცალკ-ცალკე გაყიდვა. ასევე მონა ქალის გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ იგი დაზღვეული იქნებოდა ლუპანარში (საროსკიპო) მოხვედრისაგან.

როგორც უკვე ვთქვით, მარკუს ავრელიუსმა, მთელი თავისი იმპერატორობის ხანა გამუდმებულ ბრძოლებში გაატარა, მან უამრავი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთხელ მორიგმა ეპიდემიამ იფეთქა. შავმა ჭირმა უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. 180 წლის 10 მარტს ავად გახდა უკვე ასაკოვანი იმპერატორიც. მან თვითონ დაუსვა საკუთარ თავს სასიკვდილო დიაგნოზი. იხმო კომოდუსი (კომოდუსი გამონაკლისი შემთხვევა იყო, იგი არა შვილობილი, არამედ ღვიძლი შვილი იყო მარკუს ავრელიუსისა და მამის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა იმპერატორი) და უბრძანა არმია საბოლოო გამარჯვებამდე მიეყვანა. 180 წლის 17 მარტს თავის დუნაისპირა რეზიდენციაში (დღევანდელი ვენა) მარკუს ავრელიუსი გარდაიცვალა…

ეს იყო იმპერატორი, რომელმაც ხალხის გულწრფელი სიყვარული მოიპოვა და რომლის გარდაცვალებით გამოწყეული გლოვა გილწრფელი იყო. მარკუს ავრელიუსი, სიკვდილის შემოდგომ, თავისი ქვეშევრდომების თვალში წმინდანად იქცა. სენატმა და რომაელმა ხალხმა იგი აღიარა “კეთილმოწყალე ღმერთად”, რაც არ ყოფილა მანამდე და არც მის შემდეგ. მის პატივსაცემად ააგეს ტაძარი და დააარსეს ქურუმთა კოლეგია. მას მიაგებდნენ ღვთაებრიბ პატივს და ვისაც მისი გამოსახულება არ ედგა სახლში, მკრეხელადაც კი თვლიდნენ…

გამონათქვამები:

“… გულისხმაყავ, რაოდენ მსწრაფლმავალი და მსწრაფლდავიწყებადია ყოველი, მარადისობის რა უსასრულო უფსკრული ძევს როგორც შენს წინ, ასევე შენს უკან, რაოდენ ფუჭია სახელის ძიება და რაოდენ უმტკიცონი და ცნობასუსტნი არიან შენი მეხოტბენი; რა ვიწროა წრე, რომელიც გარეშემოსწერს და ზღვარს უსაზღვრებს შენს სახელსა და დიდებას, რადგან ჯერ მთელი მიწა რა არის, ეგ ერთი ციცქნა შავი წერტილი და შენი საცხოვრისი რა უნდა იყოს?”

“…დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან”

“…კაცის სიცოცხლე წამია მხოლოდ, მისი არსი_მარად მედინი; შეგრძნება_ბუნდოვანი; აღნაგობა სხეულისა_ხრწნადი; სული _ცდომილივით მოხეტიალე; ბედი_იდუმალი; დიდება_ფუჭი. ერთის სიტყვით, ყველაფერი სხეულისეული ნაკადს წააგავს, სულისეული_სიზმარს, კვამლს, ნისლს. ცხოვრება ბრძოლაა და ხეტიალი უცხო მხარეში; სიკვდილშემდგომი დიდება_დავიწყება. მაშ, რაღას მივყვეთ? რა გვიწინამძღვრებს? სიბრძნის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ…”“…რა ხარ?! ერთი ცდომილი სული, რომელიც თავის გვამს დაათრევს ამქვეყნად”

თუ მეტი გაინტერესებთ ამ დიდებულ ადამიანზე, შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი: მარკუს ავრელიუსი_”ფიქრები”

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, ფილოსოფია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s