ზაქარია ჭიჭინაძე

საზოგადო მოღვაწე, ქართული მწერლობისა და ისტორიის მკვლევარი.

ზაქარია ჭიჭინაძე იდეური მიმართულებით იყო ხალხოსანი და სოციალისტ-უტოპისტი. 1872 წლიდან თანამშრომლობდა თბილისის ჟურნალ-გაზეთებში და სტატიებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით.

ის იყო მეწიგნე, გამომცემელი, ძველ ხელნაწერთა ჭირისუფალი, ქართველ მაჰმადიანთა გულშემატკივარი, სემინარიელებზე მზრუნველი, არალეგალურ წიგნთა მცველი და გამავრცელებელი, მუშა-ხელოსანთა მასწავლებელი და აღმზრდელი, ქართული ენისა და მწერლობის ქომაგი. თვითონ გაჭირვებული, ყველას უშურველად უმართავდა ხელს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიზანი და მოვალეობა იტვირთა: ის იყო ქართველ კათოლიკეთა, ქართველ მაჰმადიანთა, ებრაელთა და გრიგორიანთა ეროვნული ერთიანობის მქადაგებელი და მათზე მზრუნველი.

1889 წელს პირველად გაემგზავრა ქობულეთში და მას შემდეგ მუდმივად დადიოდა, თან ჩაჰქონდა ქართული წიგნები და უფასოდ არიგებდა. ეს მოგზაურობა არ იყო იოლი და უხიფათო. ხოჯები და მოლები თავიანთ მრევლს ქრისტიანთან ურთიერთობას, ქართული წიგნების შეხებასაც კი უკრძალავდნენ, ამისთვის წყევლიდნენ და სჯიდნენ. ზაქარია ჭიჭინაძე არ ეპუებოდა – ნაჩუქარ წიგნებს უკან უყრიდნენ, ის მაინც არიგებდა, ცდილობდა, ყველა ოჯახში ერთი ქართული წიგნი მაინც ყოფილიყო, მეჩეთიდან აგდებდნენ, მაგრამ ახერხებდა, ხოჯებთან და მოლებთან საერთო ენას გამოენახა, ჯამეში იჩოქებდა და არაბულ ლოცვებს წარმოთქვამდა. წვიმაში, ტყე-ტყე მარტო დადიოდა, ყველა სოფელს სწვდებოდა. ის არც მაჰმადიანობას ებრძოდა და არც ქრისტიანობას ქადაგებდა. ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქართველებს თავიანთი ენა და ეროვნება არ დავიწყებოდათ. საგანგებოდ ბეჭდავდა იაფფასიან წიგნაკებს, მათ ქართულ ანბანსაც ურთავდა, განსაკუთრებით აჭარა-ქობულეთელთათვის. არაბულ ლოცვებს ქართული ასოებით უბეჭდავდა და ქართველ მუსლიმანთა ხალხურ ლექსებსა და თქმულებებს ათავსებდა. გაზეთებში კორესპონდენციებს გზავნიდა და ქართულ საზოგადოებას ყურადღებასა და მზრუნველობას სთხოვდა. ზაქარია ჭიჭინაძემ ლაზისტანიც მოიარა და ამ კუთხისა და ხალხის მდგომარეობაც აღწერა.

მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული “ქართლის ცხოვრება” (1913, ორ ნაწილად), “პარიზის ქრონიკა” (1910). ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

ცალკე შრომა მიუძღვნა 1805 წლის ამქართა აჯანყებას. სხვა შრომებიდან აღსანიშნავია “აღა-მაჰმად-ხანის თავისმკვეთელი მცხეთელი ანდრია და მორჩილი რაჟდენ ბარამიძე”, “ძველი თბილისი – აღწერანი და ცხოვრება-რაოდენობა”.

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ზაქარია ჭიჭინაძის წერილი ალ. აბაშელს

ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო სანდრო (საშა)

ტერენტი გრანელის შენახვით მოვბეზრდი, მე ეხლა სახლი აღარ მაქვს, ერთ ოთახში ვდგევარ, აქვე მიწყვია შენი წიგნები. ტერენტის ჩემთან დგომა აღარ შეიძლება, რადგან ალაგი აღარ მაქვს, ვინაიდგან ჩემი ოთახი ისეთია, რომ შიგ ძაღლი არ შეიგდება.

ტერენტის არა აქვს ლოგინი, არა აქვს კუშეტკა, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და სხვაც კიდევ სხვანი. მე რომ ლოგინი წავართო, მაშინ იგი ძირს უნდა ეგდოს იატაკზედ ულოგინოდ. ამისათვის საჭირო არის, რომ 50 მანეთი იშოვნოს, რომ ლოგინი შეიძინოს, ტახტი, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და ნიფხავ-პერანგი.

იქონიეთ ამისი სიბრალული, ტიტველა იყო, ნიფხავ-პერანგი ტანზედ სულ შემოხეული ჰქონდა. მე ვუყიდე, 3 მანეთი მივეცი, კოსტუმიც მე ვუყიდე. მე არ მაქვს შეძლება. და ამიტომ გატყობინებთ, რომ თქვენ უპატრონოთ ამ კაცს, რომ იგი ქუჩაში არ მოკვდეს. ამისათვის საჭიროა სულ 50 მ. რომ ყველაფერი შეიძინოს და ოთახშიც ცალკე დადგეს. გთხოვთ მაცნობოთ პატარა წერილით, მოახერხებთ თუ არა დახმარებას?

თქვენი პატივისმცემელი ზაქარია ჭიჭინაძე

1928 წელი. 18 იანვარი. 

* * *

მთაწმინდის კალთაზე, სულ ზემოთ, ერთი პატარა, თვითმხილველების თქმით, “მერცხლის ბუდესავით” სახლი იდგა – ზაქარია ჭიჭინაძის სახლი.

“მინდოდა პლანი გამომეგზავნა ზაქარიას სახლისა, მაგრამ, ხატვა არ ვიცი. მაშ აგიწერთ: მთაწმინდის ბუნებრივი სიმაღლე რომ არ ჰყოფნია ზაქარიას, ხელოვნურად მიუცია სიმაღლე, გადაუშენებია ზედ წვეროზე ერთი მაღალი ოთახი და დაჰყურებს თბილისს.” – წერდა ეგნატე ნინოშვილი მეგობრებს.

ქართველთა სტუმართმოყვარეობაზე რომ ლეგენდები დადის, ეს ძველი ამბავია, ზაქარია ჭიჭინაძის სახლი კი მართლაც არაჩვეულებრივ, ენითაუწერელ ადგილად აღიქმებოდა თბილისში – სადაც ყოველ დღე რამდენიმე ათეულ სტუმარს იღებდნენ და უმასპინძლდებოდნენ იმით, რითიც შეეძლოთ, რაც გააჩნდათ… ჭიჭინაძეების სიმდიდრეს კი ლუკმა პური და წიგნებით გადაძეძგილი თაროები წარმოადგენდა.

“მთაწმინდის უბნები კიდევ ინახავენ ლეგენდებს იმის შესახებ, თუ ვის ჭერქვეშ იფარებდა თავს ჩვენი დევნილი ახალგაზრდობა, რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ლიტერატურაში, პოლიტიკაში და სხვ. ჩვენ არ მოგვწყინდება ამ სახელების ჩამოთვლა, ესენი არიან ყველა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პოეტები, ბელეტრისტები, მეცნიერების ასპარეზზე მომუშავე აკადემიკოსები, პროფესორები. ამათი რიცხვი ასობით ჩამოითვლება.” (გალაკტიონ ტაბიძე)

თედო სახოკია კი ამ სახლს ასე ამკობს – “მთაწმინდის კალთაზე არწივის ბუდესავით მიკრული ჭიჭინაძის ღარიბული სახლი, ეს ყველა ბოგანო და უსავანო ყმაწვილკაცების თავშესაფარი”…

ზაქარიას მშობლები საოცრად მშრომელი და კეთილი ადამიანები იყვნენ. მამა რაჭიდან, სოფელ ხოტევიდან ძალიან ახალგაზრდა ჩამოსულა თბილისში და უკან აღარ გაბრუნებულა, საკუთარი დღეები მუხლჩაუხრელ შრომაში გაულევია. თბილისში გაუცნია ქალაქის მკვიდრი, ვინმე მუსიკაშვილის ქალიშვილი, უსათნოესი და უკეთილშობილესი ადამიანი, რომელსაც კარგად სცოდნია კარაბადინი და კარგი მკურნალი ყოფილა. წყვილს თხუთმეტი ქალ-ვაჟი შესძენია. ბოლო, მეთხუთმეტე იყო ზაქარია.

თედო სახოკია ზაქარია ჭიჭინაძის დედას ყველას გამკითხველს და ხელისშემწყობს, “ყველას მამიდას” ეძახის და ერთი მაგალითი მოჰყავს, როგორ ზრუნავდა ის უცხო, მიუსაფარ ადამიანზე: “გაჭირვებული იყო ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება განსაკუთრებით ამ ხანებში მით უფრო, რომ გარდა ზაქარია ჭიჭინაძისა და მისი დედისა პატრონი და ყურისმგდებელი არავინა ჰყავდა… ცარიელი ძვალი და ტყავი იყო თურმე, ძონძებში გახვეული. ზაქარია ჭიჭინაძის დედა, ეს “ყველას მამიდა” და ყველასთვის გულშემატკივარი, შუაზე უყოფდა ეგნატეს თავის ღარიბულ ლუკმას. ვუი, დედასა, შვილო, ჩემი საწყალი ქმრის სახელი ჰქვიან, ამას როგორ არ უნდა ვუპატრონო მე უბედურმა”. თან იმისიც ეშინოდა ზაქარია ჭიჭინაძის დედას, ხელში არ შემომაკვდეს ეს უბედური და თავშისაცემი და დასამარხი არ გამიხდესო!..” – ამ საოცარ ქალბატონს ასეთივე ამაგი ჰქონდა ასობით უცხო ადამიანზე…

მისი სახლი მეგობრების თავშეყრის ადგილი იყო ზაქარიას მოხუცებულობამდე… იყო ხან სჯა-ბაასი საჭირბოროტო საკითხებზე, ხანაც ლაზღანდარობდნენ… ერთ-ერთ ასეთ თავშეყრას აღწერს გიგო ხეჩუაშვილი: “მაგიდას უსხდნენ იროდიონ ევდოშვილი, შიო მღვიმელი, შიო არაგვისპირელი და ჭოლა ლომთათიძე. თვითონ ზაქარია კი თავისი გამოცემული წიგნების გადარჩევას და დალაგებას განაგრძობდა თახჩებში. ყველაზე მეტად იროდიონ ევდოშვილი აბრაზიანებდა მასპინძელს თავის მოსწრებული ოხუნჯობით:

– ჰაა, ზაქარია! როგორ იყო, ილიას სახელით ორნაირად რომ გინდოდა ფულის მოგება? ისიც რა ადვილად მოიხიბლებოდა შენი მოთაფლული ხოტბა -შექებით! წიგნების დალაგებაში გართულ ზაქარიასაც მწარედ ეღიმებოდა თავის მარცხზე. იროდიონი კი მაინც არ იშლიდა მასპინძელზე ოხუნჯობას: – ამ ვაჟბატონმა იცოდა, ილიაზე რასაც დასწერდა, ან ილიაზე რასაც დასწერდნენ – ხალხი დაიტაცებდა. უფიქრია: შევაგროვებ სახელმოხვეჭილ კაცზე ბიოგრაფიულ ცნობებს, გამოვცემ პატარა ბროშურას, დავაწერ ორ შაურს, წიგნი თავის ხარჯსაც გაანაღდებს და მეც ცოტა გროშებს მომაგებინებსო. ახლა თვითონ ილიას, რომ მასზე ქება-დიდებით დაბეჭდილ ორ შერჩეულ ეგზემპლარს მივართმევ, გაეხარდება და ორას მანეთს თუ არა, ას მანეთს მაინც უსათუოდ მომცემსო. ილია კი შორიდანვე ატყობდა, ვის რა ედო გუნებაში. გამოსცა ამ ჩვენმა ფილოსოფოსმა ორ შაურიანი ბროშურა. შეახვია ქაღალდში ორი შერჩეული ეგზემპლარი და მიუკაკუნა ილიას კაბინეტის კარებს ყავარჯენის მაგივრად მარცხენა ხელის სალოკი თითი. ილიამ გააღო კარები: – ოჰ! ზაქარია, მობრძანდი! ზაქარია შებრძანდა. – დაბრძანდით! – მიუთითა ილიამ სკამზე. ზაქარია დაბრძანდა მორცხვად, მოკრძალებით, ცოტა ხანდაზმული, ახალი პატარძალივით. – რას გვიბრძანებს თქვენი აღმატებულება? – ჰკითხა ილიამ. მოძღვრის მსგავსად მისული ზაქარია უცებ სამსახურის სათხოვნელად მისულ მორცხვ მანდილოსნად შეიცვალა: – მე… მე… თქვენი ცხოვრების ბიოგრაფია გამოვეცი და მოგართვით, – მოწიწებით გაუწოდა ზაქარიამ ფაქიზად შეხვეული ორი ეგზემპლარი. ილიამ თავისებური სიდინჯით ჩამოართვა ზაქარიას ორას მანეთიანი პაკეტი, თავისებური სიდინჯით გახსნა, გადაფურცლა, ერთიცა და მეორეც გულდასმით ჩაათვალიერა და შემდეგ ორივე წიგნის კანს დახედა, სადაც ეწერა ფასი: ორი შაური. ბოლოს ილიამ ხელი ჯიბეში ჩაიყო და ამოიღო საფულე. ამ ჩვენს ზაქარიას გული სიხარულით აუფანცქალდა ორასი მანეთის მოლოდინში. ილიამ კი – ისევ ჩვეულებრივი სიდინჯით მონახა საფულეში ორშაურიანი, ეგრეთწოდებული, უზალთუნი, ერთი ეგზემპლარი თავისთვის ცალკე გადადო, მეორე ეგზემპლარს, სადაც ორი შაური ცალკე ეწერა, ორშაურიანი უზალთუნი დაადო და პატივცემულ გამომცემელს დაუბრუნა ამ სიტყვებით: – ორი ერთი და იგივე წიგნი რა საჭიროა, ერთი წიგნი სხვა მუშტარს მიჰყიდეო… ყოველთვის დაღონებული ჭოლა ლომთათიძე ახითხითდა, შიო მღვიმელი და შიო არაგვისპირელი ჩაბჟირდნენ, მხიარული იროდიონ ევდოშვილი კი კვლავაც განაგრძობდა ოხუნჯობას: – ახლა, არ იკითხავთ, როგორ წელმოწყვეტილი მებადურივით დაბრუნდა ილიას ბიოგრაფიის ავტორი, რომელმაც თევზი ბადეს ვერ მოახვედრა?!.. – ადექით, ადექით! – ვეღარ მოითმინა ზაქარიამ და ცოცხს წამოავლო ხელი. – მომშორდით, დაიკარგენით! აქაურობას მირევთ და კიდეც დამცინით? არ მეყოფა, ილიამ ამიგდო მასხრად? თქვე ასეთ-ისეთებო, თქვენა!.. – ხა-ხა-ხა-ხა-ხა!..”

ეს ხუმრობით… ზაქარიამ 1897 წელს ილიას იუბილესთვის მართლაც გამოსცა ბროშურა “თ. ილია ჭავჭავაძე, როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი”, რომელიც საოცარი სისწრაფით გაქრა დახლებიდან. ასეთივე ბედი ეწია მის სხვა მონოგრაფიებსაც – შექმნილს ნიკოლოზ ბარათაშვილზე, სოლომონ დოდაშვილზე, სოლომონ ლეონიძეზე, ალექსანდრე ჭავჭავაძეზე, დიმიტრი ყიფიანზე, აკაკიზე, იაკობ გოგებაშვილზე, გრიგოლ ორბელიანზე, დავით ერისთავზე, იოსებ დავითაშვილზე და სხვებზე…

მისი ნაშრომები სხვადასხვა თემებს ეხება. აქვს აღწერილი და დახატული ძველი და ახალი თბილისის იერ-სახე, მისი ტრადიციები, აქვს წერილები ქართული სტამბის ისტორიაზე, ვაჭრობა-მრეწველობაზე, სადაც გადმოცემულია დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობა, ზუბალაშვილების ნავთის, პურის, შაქრის, ღვინის არყის მრეწველობა, გიორგი ქართველიშვილის სამრეწველო მოღვაწეობა…

თავად ზაქარია ჯერ მთაწმინდის სკოლაში სწავლობდა, ჩხუბის გამო დაითხოვეს, შემდეგ მშობლებმა ირაკლის სახელობის სკოლაში გადაიყვანეს, მაგრამ მათემატიკის სიძულვილის გამო იქიდანაც მიაბრძანეს… სრულიად გამოუცდელი, პატარა, ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა, ხან ვის დაუდგებოდა შეგირდად, ხან სად იწყებდა მუშაობას… ესაა – სახლში დაბრუნებულს კითხვა უყვარდა. ყოველ საღამოს ხმამაღლა კითხულობდა სახარებას, “ვეფხისტყაოსანს” და განურჩევლად ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა. ერთხელ ქუჩაში იდგა და გაზეთ დროებას გატაცებით კითხულობდა. ამ დროს ქუჩას მოუყვებოდნენ აკაკი, სერგეი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე და გიორგი წერეთელი. გულგრილად ვერ ჩაუარეს 15 წლის “დროებით” ასე გატაცებულ ყმაწვილს და გაესაუბრენ… სერგეი მესხმა დაიახლოვა უცხო ბიჭი და როცა აღმოაჩინა, რომ მისი მთავარი გატაცება წიგნი გახლდათ, დროების თანამშრომლად მიიწვია. 1872 წლიდან ამ გაზეთის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილები “მთაწმინდელის” ფსევდონიმით.

ზაქარიას ფანატიკურად შეუყვარდა კითხვა. ჯერ ერთ წიგნთსაცავში დაიწყო მუშაობა და იქ დაცული ყველა წიგნი გადაიკითხა. ამ წიგნთსაცავის ერთ-ერთ ოთახში ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა, რომელთანაც მთელი თბილისის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. ზაქარიაზე საოცრად იმოქმედა ამ წრეში მოხვედრამ… შემდეგ საცენზურო კომიტეტში გადავიდა და აღმოაჩინა, რომ ერთ ოთახში გამოკეტილი იყო ცენზურისგან აკრძალული ლიტერატურა. ზაქარიამ იქაც ყველაფერი წაიკითხა და იმ ლიტერატურის დიდი ნაწილი შეიძინა კიდეც. საერთოდ, კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ სულ კაპიკებს ითვლიდა – მისი ხელფასები და ჰონორარები უმოწყალოდ ეწირებოდა წიგნებს და გაჭირვებულ ნაცნობ-მეგობრებს. მისი ბიბლიოთეკა თანდათან მდიდრდებოდა უნიკალური გამოცემებით, თვითონ კი საშინლად განიცდიდა უწიგნობას და უწიგნურობას. “ჩემი თვალების გახელის დროს მე ვიყავი ძლიერ დაღონებული და გულიც დარდით მქონდა სავსე, რომ ქართველებს ქართული წიგნი სულ არ გვქონდა. ვიყავით დატუქსულები. ქართული ენა იდევნებოდა. წიგნების გამრავლება და გამოცემაღა მიმაჩნდა ჩვენი ეროვნების აღდგენის მალამოდ. და ამიტომ დღე და ღამ მარტო იმ იმედით ვსულდგმულობდი.”

მართლაც, ზაქარია წიგნებს წერდა, თავის და სხვის წიგნებსაც საკუთარ სტამბაში აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თვითონვე ყიდდა.

გადაწყვიტა მოგზაურობა დაეწყო – რამდენჯერმე ესტუმრა ქობულეთს, მოინახულა გამაჰმადიანებული ქართველები, ჩაუტანა წიგნები, დაინტერესდა მათი ამბით და ეცადა ფესვებისკენ მოებრუნებინა ქართველთა შთამომავლები, რომლებიც საკუთარ თავს თათრებს უწოდებდნენ. გამოსცა რამდენიმე წიგნი მათი ყოფა-ცხოვრების, ისტორიის, ზეპირსიტყვიერების შესახებ.

ზაქარიამ ყურადღება მიაქცია ქართველ კათოლიკებს, გრიგორიანელებს, ებრაელებს, ლაზებს, გამოსცა ნარკვევები. არც ოსები დავიწყებია – მათ შეახსენა, რამხელა ამაგი მიუძღვის მათზე ქართველ ერს, შეახსენა, რომ მათ ქრისტიანობა წმინდა ნინოსგან მიიღეს, რომ მათი ანბანი და საეკლესიო ენა ოდითგან ქართული იყო და ეს დოკუმენტურად დაასაბუთა კიდეც.

და კიდევ… ზაქარიას ასობით ქართველთან ჰქონდა მიწერ-მოწერა, მათთან ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა და ენატრებოდა საკუთარი მიწა-წყალი. მარი ბროსე, დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, მიხეილ თამარაშვილი, ნიკო მარი, და ვინ აღარ, ძალიან ხშირად მადლიერების წერილებს უგზავნიდნენ და გამუდმებით სთხოვდნენ ახალადგამოცემული წიგნების გაგზავნას…

1922 წელს მწერალთა კავშირის საბჭომ ზაქარია ჭიჭინაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაიხადა. მოწოდებაში ეწერა: “სრულიად საქართველოს მწერალთა საბჭომ დაადგინა: გადახდილ იქნას ჭაღარით შემოსილი მწიგნობარის ზაქარია ჭიჭინაძის 50 წლის მოღვაწეობის იუბილე და დაუკავშიროს მას ქართული წიგნის დღესასწაული… 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობს ეს რაინდი ქართული წიგნისა…”

მართლაც წიგნის რაინდს ჰგავდა – მოკრძალებული, სხვების დასახმარებლად და ქართული წიგნის გამოსაცემად მოვლენილი ამ ქვეყანას…

წყარო: 24saati.ge

 

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მისაბაძი გმირები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s