გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფ. სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. რუსულ წყაროებში ცნობილია მაზნიევად.

მან თავი 1904–1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში გამოიჩინა, სადაც დაიჭრა. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა, დააჯილდოვა იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი–წმინდა გიორგის ჯვრით და სასახლეში მიიწვია.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც, სადაც მძიმედ დაიჭრა პოლონეთის ფრონტზე. 1917 წლის დეკემბერში ბრუნდება სამშობლოში და ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. „ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობას“ (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშან–მატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს–შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნის იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას დანიშნული იყო შულავერ–სადახლოს ფრონტის სარდლად (საველე შტაბის უფროსი გ.კვინიტაძე იყო)და წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან. 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1920 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს 18–24 თებერვალს იყო თბილისის დაცვის ცენტრალური _სოღანლუღი–შავნაბადას მიმართულების სარდალი. მის დაქვემდებარებაში იმყფებოდნენ არმიის მე–9 ათასეული (მეთური პოლკოვნიკი ნიკლოზ ვაჩნაძე), სადარაჯო ლეგიონი (მეთაური დავით ვაჩნაძე), გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები, სანპირო ათასეულის ერთი რაზმი, რამდენიმე ჯავშან მანქანა და ჯავშანმატარებელი. 18–19 თებერვლის ღამეს სწორედ მაზნიაშვილის პოზიციებზე მიიტანეს მე–11 წითელი არმიის ნაწილებმა იერში. მაზნიაშვილის შენაერთებმა შეტევა მოიგერიეს, მტერი უკუაქციეს და 1600 წითელარმიელიც დაატყვევეს.24 თებერვლის ბოლომდე მაზნიაშვილი წარმატებით იცავდა პოზიციებს და ისინი მხოლოდ მთავარსარდლის გ.კვინიტაძის ბრძანების მირების შემდეგ დატოვა. იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს. თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ: „როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.“ მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ“. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა.

მისი ღვაწლის მიუხედავად, 1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას იგი სწერდა: „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს“. მაგრამ საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამოდენიმე წლის მერე საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი იგი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

“მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ, მე ქართველი გენერალი ვარ”_გიორგი მაზნიაშვილი.

მაზნიაშვილსვე ეკუთვნის სიტყვები: “სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”.

ეს არის ადამიანი, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია ქართველი ერის წინაშე. ის არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა შეიძლება ნებისმიერ მტერთან! კარგად გაიგონ იმ ვირთხებმა, ვისაც აკანკალებს “რუსეთის უძლეველობის” შიშით.

ჩემი აზრით, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი აუცილებლად უნდა დაიდგას ბათუმში  გამოსაჩენ ადგილას.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მისაბაძი გმირები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s