დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. თუმცა მის შესახებ რომ იკითხოთ, უმეტესობა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იგი იყო კონიაკის წარმოების ფუძემდებელი საქართველოში. ასეთი დამოკიდებულება ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ, ჩემი აზრით დანაშაულის ტოლფასია.

მაშ ასე, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი ― გ. 20 ივნისი, 1911, იქვე), ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

„დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, – წერდა გაზეთი „ზაკავკაზიე“, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, პატრიარქალურ ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, იყო პიროვნება, რომელიც სამრეწველო წარმოების წამომწყები და მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი გახლდათ“.

სწორედ დავით სარაჯიშვილი იდგა კონიაკის წარმოების სათავეებთან რუსეთში. საქმე ისაა, რომ საქართველოში კონიაკის დამზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი ხარისხით, ვერ უწევდა კონკურენციას ცნობილ ფრანგულ კონიაკს – მათი წარმოება საქართველოშიც და რუსეთის იმპერიაშიც, მაშინ, კუსტარული იყო, ხოლო ტექნოლოგია ეფუძნებოდა არა ცოდნას, არამედ მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ კონიაკს ფრანგები. შესაძლებელია, რომ ქართული კონიაკის წარმოება კვლავაც იმ დაბალ დონეზე დარჩენილიყო, ახალგაზრდა მეწარმეს, დავით სარაჯიშვილს რომ არ გასჩენოდა სურვილი, მოეწყო საკუთარი კონიაკის წარმოება მკაცრად მეცნიერულ საფუძველზე. სარაჯიშვილი თავისი ოცნების განხორციელებისაკენ მიისწრაფვოდა ჯიუტად, როგორც რომანტიკოსი და გააზრებულად, როგორც გონიერი ბიზნესმენი.
მან ბრწყინვალე განათლება მიიღო. 1867 – 1878 წლებში ქიმიას სწავლობდა გერმანიაში, მიიღო ქიმიის მეცნიერებათა დოქტორისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხები. 1878-1879 წლებში, უკვე მომწიფებული მეცნიერი იწყებს მეღვინეობის შესწავლას საფრანგეთში. სწორედ აქ შეძენილმა ცოდნამ მისცა მას საშუალება, დაეფუძნებინა სამრეწველო ნიადაგზე კონიაკის წარმოების საქმე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავითმა შეისწავლა და ქიმიური ანალიზი ჩაუტარა ყურძნის ტრადიციულ ჯიშებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ორგანოლეპტიკით და ქიმიური შემადგენლობით ისინი ძალიან უახლოვდებიან ფოლ ბლანშის და კოლომბარის ფრანგულ ჯიშებს, რომლებისაგანაც საფრანგეთში საკონიაკე სპირტს ამზადებენ, 1888 წელს სარაჯიშვილმა თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა.
„1888 წელს სარაჯიშვილმა თბილისში მოაწყო პირველი კონიაკის ქარხანა რუსეთში, რითაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიაში მსგავსი ქარხნების გახსნის საქმეს“, – ნათქვამია სააქციზო ანაკრეფების თბილისელი გამგის ერთ ანგარიშში. ამის შემდეგ ქარხნები ააგო ყიზლარში (1889), ერევანში (1894), კალარარში (კიშინიოვის მახლობლად, 1895), ბაქოში (1896) და სხვაგან.

დავით სარაჯიშვილმა სახელი გაითქვა არა მარტო როგორც მსხვილმა მეცნიერმა და მეწარმემ, არამედ, როგორც ქველმოქმედმაც. გაზეთი „ზაკავკაზსკაია რეჩ“ წერდა: „მის სიცოცხლეში არ არსებობდა ხალხისთვის სასარგებლო საქმე, რომელშიც მონაწილეობა არ მიეღოს. ძნელია ყველაფრის ჩამოთვლა… მისი მატერიალური დახმარების წყალობით საქართველოში აშენდა მრავალი ეკლესია, მათ შორის, ცნობილი ქაშუეთის ტაძარი თბილისის ცენტრში“. 1994 წელს ცნობილი ბიზნესმენის ელგუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივით, რომელიც დღეს ფლობს თბილისის კონიაკის ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტს, დავით სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ნეშტი გადასვენებულ იქნა ამ ტაძრის სამლოცველოში (ეკვდერში). სარაჯიშვილს, რომელმაც შექმნა რუსეთის მრეწველობისათვის სრულიად ახალი დარგი, მშვენივრად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და მოსწავლე-ახალგაზრდობას მატერიალურ დახმარებას უწევდა. ყოველწლიურად დიდ თანხას აძლევდა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აგრეთვე, კერძო პირებს, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ რევოლუციამდელი ჟურნალისტების აზრს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ „დ. სარაჯიშვილი ევროპულ განათლებასთან და რუსულ გაქანებასთან ერთად, თავის თავში აერთიანებდა ძველი ქართველი კაცის ყველა სიმპატიურ თვისებას, რომელიც მზად იყო წმინდა ქართული გულკეთილობით და საზოგადოებრივი საქმისათვის თავდადებით, მთელი თავისი სიმდიდრე შეეწირა სამშობლოსა და ტანჯული კაცობრიობისთვის“. ამიტომაც აფასებენ მას ასე საქართველოშიც და რუსეთშიც.

დავით სარაჯიშვილის სახლი ნამდვილი სალონი იყო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ალექსანდრე ჭავჭავაძის და მანანა ორბელიანის სალონის გაგრძელებად” – ამბობდა ექვთიმე თაყაიშვილი, – მის სახლს “სარაჯიშვილების ნომერს” და “ევროპასაც” ეძახდნენ. სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო მაღაზიები, მეორეზე კი საცხოვრებელი ბინები და სასტუმრო. ეს სახლი მალე გახდა არისტოკრატულ-ლიტერატურული სალონი, სადაც კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუმრები უცხოეთიდან. სახლის სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ვალერიან გუნია, არტურ ლაისტი და სხვ. საუბრობდნენ, კამათობდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. “მას არ უყვარდა გრძელი ლაპარაკი, თავის აზრს ხატავდა მოკლედ, სხარტულად, ერთი საგნიდან მეორეზე გადადიოდა, მეორედან მესამეზე, და რაღაც 5 წუთის განმავლობაში იმდენ კითხვას აღძრავდა, იმდენ საგულისხმოს იტყოდა, თანამოსაუბრენი გაკვირვებული რჩებოდნენ.”

ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ერთგული მეუღლე – ეკატერინე ფორაქიშვილი ედგა. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე წყვილს შვილი არ ჰყავდა. “რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!” (დ. სარაჯიშვილი).

დ. სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე. დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიას და მრავალ სხვას, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. “გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს… შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე” (ზაქარია ჭიჭინაძე).

დავითი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. “თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა” (ი. გოგებაშვილი).

“განსვენებულის საფლავი დიდუბის ეკლესიის ეზოში მუდამჟამ სათაყვანებელი იქნება ქართველებისთვის” (დეკანოზი ნ. თალაკვაძე).

საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო სამწუხაროდ არც ეს წინასწარმეტყველება ასრულდა. დავითის ნეშტმა სამჯერ შეიცვალა განსასვენებელი: 1938 წელს ხელისუფლების დადგენილებით პანთეონში “ბურჟუას” ადგილი არ იყო, ის ჯერ ვაკის სასაფლაოს ხევში, შემდეგ კი მისივე თითიდან მოხსნილი ბეჭდის წყალობით ვაკის სასაფლაოზე დაასვენეს. 1995 წელს კი, მისი სახსრებით აშენებულ ქაშვეთის ეკლესიაში (ამ ფაქტის აღსანიშნავად ეკლესიაში შესასვლელ კარებზე დავითისა და მისი მეუღლის ინიციალებია ამოტვიფრული) გადაასვენეს.

დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი. სწორედ ამ ანდერძით დავასრულებ სტატიას.

ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა:
1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.
3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.
4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.
5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.
13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.
16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.
17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მისაბაძი გმირები, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s