გიორგი პირველის აღსარება. ნაწყვეტი რომანიდან “დიდოსტატის მარჯვენა”

“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, საქართველო. Bookmark the permalink.

2 Responses to გიორგი პირველის აღსარება. ნაწყვეტი რომანიდან “დიდოსტატის მარჯვენა”

  1. salome_N says:

    “ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც. არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ დამვსებია ეს თვალნი და ყურნი დამგმანვია, სმენად ბოძებულნი უფლისა მიერ.
    რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავდნენ სამშობლოის თვისის იავარყოფას.
    ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
    ვაი მათ, ვისაც იერემიასებრი გოდება წილად ხვდეს, სამშობლოის თვისის დარღვეულ გოდოლთა და ნაციხართა შორის.
    უსჯულობა მოძალებული არს საქრისტეანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ”

    P.S. გიორგი მეფის აღსარების წაკითხვის შემდეგ, პირველი, რაც გამახსენდა ამ ნაწარმოებიდან კათალიკოსის და ზვიად სპასალარის საუბარი იყო…. ეს იმიტომ, რომ ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და მთელი სიცხადით წარმოაჩენს ჩვენი თანამედროვეობის ტკივილს…

  2. diaokh says:

    არაჩვეულებრივია სალომე, დიდი მადლობა კომენტარისთვის. ეგ ეპიზოდი მე არ მახსოვდა, არადა აუცილებელია, რომ მსგავსი ეპიზოდები გულდასმით შევისწავლოთ და გავაანალიზოთ. იმიტომ რომ უცოდინრობაა ჩვენი მთავარი მტერი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s