უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

 

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.
შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

მეორე ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც საქართველოში 1820-იან წლებში იმოგზაურა, შარდენის მსგავსად, ქართველებს ადამიანის მოდგმის ნიმუშად მიიჩნევდა. მისი აზრით, ქართველები მეტად ლამაზები, გონიერები და თავაზიანები არიან. იტალიელი მისიონერის დონ ჯუზეპე მილანელის დახასიათებით კი, “ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზებია. ამ მხარეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცდუნებაში არ ჩავარდეს კაცი.”

საქებარ სიტყვებს არც იტალიელი მისიონერი და მხატვარი დონ ქრისტოფორო კასტელი იშურებს (1627-1654 წწ-ში ცხოვრობდა საქართველოში). იგი მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზითა და გონიერებით. მის მიერ დახატულ ქართველი ქალის სურათზე იგი ასეთ წარწერას აკეთებს: “იგი ნაწილობრივ ზეციური იყო დედამიწაზე შექმნილთა შორის.” სხვა სურათზე გაკეთებული წარწერა კი გვამცნობს: “უკეთილშობილესი ქართველი ქალი, მამუკა ბისკაიას მეუღლე, როდია მიქელაძე, ნიჭიერი, უმაღლესი სათნოებისა და პატიოსანი ყოფაქცევით შემკული მხატვარი ქალია, უმაღლეს მთებში მცხოვრები.”

ვინკელმანი: “ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

სტრაბონი: “არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”

მარკო პოლო: “ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ.”

იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”

პიეტრო დელა ვალე: “ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯუიტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება”.

ბარონი ფონი: “ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.”

ალ.დიუმა: “ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ, ზეცა იერიშით აიღონ.”

ბარონ დე-ბაი (ფრანგი არქეოლოგი): “მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია… მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ… ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა, აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია…”

კარლ კოხი: “საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა-წყალია… ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.”

ფრიდრიხ ბოდენშტედტი: “ქართველები-კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე-ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,
შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,
სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,
არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი…”

ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი): “საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”

გუნთერ ბროკი (გერმანელი ჟურალისტი): “თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს,მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.”

მამედ იბრაგიმოვი (აზერბაიჯანელი პოეტი): “ვერ წარმომიდგენია, ადამიანი არ მოაჯადოვოს შენმა მომხიბლავმა სილამაზემ, არ აღაფრთოვანოს შენი შვილების ვაჟკაცობამ, გამბედაობამ, გულგაშლილობამ, პატრიოტიზმმა და გულის სიღრმიდან არ აღმოხდეს: „იცოცხლე, იდღეგრძელე, თავისუფალო და მშვენიერო ქართულო მიწავ, შრომის გონებისა და სილამაზის მხარევ!”

ბილი ჯოელი (ამერიკელი მომღერალი): “ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ. საქართველოში კვლავ დავბრუნდები.”

ტონინო გუერა: “თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.”

წყარო:

http://icode.ge/2012/03/11/უცხოელი-მოგზაურები-საქარ/

http://www.ambioni.ge

About diaokh

21 years old
This entry was posted in საქართველო, სხვადასხვა ქვეყნები, უცხოეთი. Bookmark the permalink.

One Response to უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

  1. diaokh says:

    „მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობა კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯში იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე… მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა“.

    რობერტ კერ პორტერი
    * * *

    „საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთით, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა“.

    ჰანს შერფიგი
    * * *

    „მთელ ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება“.

    ვასილ ველიჩკო
    * * *

    „მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ქართველი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უღვინოდ პურს არ გატეხს, მე მათ შორის იშვიათად შევხვედრივარ ლოთებს. ქართველი ხალხი კეთილია, გულახდილი, გამბედავი, უდარდელი, არ არის კარჩაკეტილი, უყვართ ქეიფი და მეომრობა. მრეწველობა და ვაჭრობა ქართველების საქმე არ არის“.

    ბარონ ტორნაუ
    * * *

    საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია… ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის!

    ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო“
    * * *

    როდესაც სტუმართმოყვარეობას ვამბობ, ამ სიტყვას ისე კი არ ვხმარობ, როგორც საზოგადოდ არის მიღებული. ქართველი კაცი ისე თავაზიანად და ისეთი სიყვარულით ეკიდება თავის სტუმარს, რომ ევროპელთ არც კი დაგვესიზმრება.

    ოლივერ უორდროპი „საქართველოს სამეფო“
    * * *

    ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა.

    მარჯორი უორდროპი
    * * *

    პიეტრო დელა ვალე უახლოეს მეგობარსა და ექიმს მარიო სკიპანოს წერდა: „სიმართლე რომ ითქვას, ქართველი ქალები ძალზე ლამაზნი არიან მთელს აზიაში. შავგვრემანი სპარსელები მათ ვერ შეედრებიან. ქართველი ქალები არიან იმდენად ტანმაღალნი, რომ სიმაღლე ქალბატონ ფაუსტინა ალბერინისა, დეიდაჩემისა, ძალზე ჩვეულებრივია მათ შორის. თითქმის ყველას შავი თმა აქვს და თვალებიც შავი – დიდრონი და მომხიბლავი, პირისახე – თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები – ვარდისფერი… მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზეს ხალხად მთელს მსოფლიოში“.

    „მარყიშით მაღრიბამდე. გამომც. საბჭ.საქ. 1978, გვ.166“
    * * *

    „ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი; მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი“…

    შარდენი
    * * *

    „ქართველი ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოვებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობთ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახის და ტანის დანახვაც კი შეუძლებელია. არიან მაღალნი, კოხტა და მოქნილი ტანისა და საოცრად წელწვრილნი“.

    ჟოზეფ მარია ძამპი
    (თეათინელი ბერების ორდენის პრეფექტი სამეგრელოში)
    * * *

    მინდა გითხრათ, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვთივკურთხეული მიწა, არამედ ლამაზი ქვეყანაცაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას უდიდესი წარსული და მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ იმდენად გულთბილად მიგვიღეს, რომ მეტსაც გეტყვით – თავს ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში.

    გაოცებული დავრჩით იმით, თუ რაოდენ ღირსეული ხალხია ქართველები. გაგვაოცა ხალხის რაოდენობამ, რომელიც ეკლესიებში ვიხილეთ. ორი დღის განმავლობაში ათასობით მორწმუნემ მიმართა სიონის ტაძარს, სადაც წმინდა ანრდრია პირველწოდებულის თავის ქალა იყო დაბრძანებული. ყოველივე ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურებაა. ის ძალიან საყვარელი პიროვნებაა, მას ძალიან დიდ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობა და დიდი სიყვარულით არის მისდამი გამსჭვალული.

    ინტერვიუ ათენისა და ელადის მთავარეპისკოპოს უნეტარეს ქრისტოდულოსთან
    ტელევიზიის პირველი არხი, 6 სექტემბერი, 2002
    * * *

    ქართველი – ეს არის თავით ფეხებამდე აბრეშუმისა თუ ხავერდის ტანისამოსში გახვეული მეჩვიდმეტე საუკუნის ცივილიზაცია, ეს არის ვენეცია, სიცილია, საბერძნეთი.

    ა. დიუმა „კავკასია“
    * * *

    ქართველების ტომი უმშვენიერესია მთელს აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა, რომ მთელს ქვეყანაზედაც. აქ არ მინახავს არცერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა. ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუჯილდოვებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ აქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ. არ შეიძლება დახატოთ ქართველი ქალების სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველ ქალებს, რომ ფერ-უმარულს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცხებენ ფერ-უმარულს.

    შარდენი
    * * *

    ევროპაში წარმოდგენაც არ აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

    ა. დიუმა „კავკასია“
    * * *

    ქართველი მამაკაცები, ჩემის აზრით, არა მარტო თვითონ არიან ულამაზესი მამაკაცები მთელ დედამიწის ზურგზე, არამედ მათ აგრეთვე საუცხოო ტანისამოსი აცვიათ… ჩვენ ნაცნობ თავადს ემოსა ბროწეულისფერი ჩოხა, ღია ცისფერი თავთის სარჩულზე; თეთრი ატლასის ახალუხი შემკული ოქროს ბუზმენტებით და განუსაზღვრელი ფერის შარვალი, რომელიც მტრედის ყელისა და ხმელი ფოთლის ფერებში გადადიოდა. წელზე მას ერტყა ოქროს ქიცვდაყრილი, სპილოსძვლისტარიანი, ოქროთი ნაჭედი ვერცხლისბუდიანი ხანჯალი. ამას ემატებოდა კუპრივით შავი ხშირი თმა და თვალ-წარბი, ქალივით ნაზი სახის ფერი და მინანქრის კბილები.

    ა. დიუმა „კავკასია“
    * * *

    ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორ სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება.

    ა. დიუმა „კავკასია“
    * * *

    ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილი ტიტანები არიან და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში.

    შერემეტიევი
    * * *

    ყველა აქაური სიმღერები წარმოადგენენ უბრალო გრძელ და სევდიან ჰანგებს, მაგრამ მათ შეიძლება საათების განმავლობაში უსმინო და არ მოგწყინდება. ეს ჰანგები ნანას გიმღერიან, მაგრამ როდი გაძინებენ. ისინი ფხიზელ მდგომარეობაში ოცნებებში გახვევენ.

    ა. დიუმა „კავკასია“
    * * *

    ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.

    პიეტრო დე ლა ვალე „სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა“, 1628წ.
    * * *

    ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრის მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.

    მარკო პოლო, მოგზაური (1254-1324წწ.)
    * * *

    მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემის ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა. ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არცერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.

    არსად დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში… თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფთრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადმოდიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტკვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.

    რობერტ ბლაიხშტაინერი (1891-1954),
    ავსტრიელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი
    * * *

    ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…

    ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი
    * * *

    კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილნი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)… ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილნი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაბადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში.

    ედუარდ მაიერი (1855-1930) გერმანელი ისტორიკოსი
    * * *

    გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.

    პროფესორი რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი
    * * *

    ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი. იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ცეკვაში… როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.

    გაზეთი „პარიზენ ლიბერე“. 1988
    * * *

    ქართული ეროვნული ბალეტის (ცეკვის) კონცერტი ვულკანური დღესასწაულია, რომელიც აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს… უდიდესი ოსტატობა, კავკასიური ტემპერამენტი, უაღრესად დახვეწილი ტექნიკა, მოძრაობის მრავალფეროვნება და თავბრუდამხვევი რიტმი – ყოველივე ეს აყვანილია სრულყოფის მწვერვალამდე. ფრანგებს მსგავსი არაფერი უნახავთ.

    გაზეთი „ფიგარო“
    * * *

    პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის დონის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.

    გუსტავ კირკი, გერმანელი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი
    * * *

    თუ ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.

    მიხაი ზიჩი
    * * *

    ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია… ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა… საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა.

    გილერმო დიას პლაია, ესპანელი მეცნიერი, აკადემიკოსი
    * * *

    ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.

    ნიკო მარი

    * * *

    ცხოვრობს აღმოსავლეთში ქრისტიანი ხალხი – ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მებრძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები… როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თაყვანისსაცემად, წმიდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრებიან ორადინუსს, დამასკოს პრონცს იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ.

    ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრიუსი)
    XIII საუკუნე
    * * *

    ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია.

    პ. კ. უსლარი – რუსი ენათმეცნიერი (1816-1875)
    * * *

    ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება.

    უილიამ ედუარდ დევიდ ალენი – ინგლისელი ორიენტალისტი (1901-1973)
    * * *

    „აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია არა მარტო იმ სიწმინდეებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარია, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავისი ბრწყინვალებითა და ზეგავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთაწმინდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლების სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა… ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რამელიც მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში“.

    რენე ჟანენი

    თბილისი ნაყოფიერი და გამაგრებული ქალაქია. იქ უხვად მოიპოვება პროდუქტები იაფფასებში… თბილისში უცხოელებს შეუძლიათ გულმშვიდად იყვნენ, იქ ყველას, მათთან შემთხვევით მისულსაც კი, მეგობრულად ექცევიან.

    იბნ-ჰაუკალი, არაბი გეოგრაფი
    IX საუკუნის 80-იანი წლები

    პირველად ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული ვარ. მე წამიკითხავს ზოგიერთი ქართველი წმინდანის შესახებ; ახლა უკვე რეალურად დავინახე, როგორი კარგი და მორწმუნე ხალხია აქ, გაოცებული ვარ ასეთი თბილი შეხვედრით. ყველას სურს ლოცვა-კურთხევის მიღება, ძალზე დიდ პატივს მიაგებენ დედა ღვთისმშობელსა და ათონის მთას, მსგავსი რამ მე არსად მინახავს, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში ასეთ რამეს არ შევხვედრივარ. საქართველოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია, რომლებიც ძალიან კარგები არიან.

    მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტერი
    2005 წლის ივნისი

    სვეტიცხოველი ვნახე… იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ…

    უილიამ (ვასილ) ბუში

    მთელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია. ქართველები ნამდვილი მეომრები არიან… ირანში, როგორც წესი, სპარსელებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებიან. ასევე მეტწილად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე… ირანელებს თურქებთან, ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა მეშვეობით აქვთ მოპოვებული… თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც.

    არტემ ვოლინსკი
    რუსეთის ელჩი ირანში 1715-1718 წლებში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s