ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით

2013 წლის 5 იანვარს შესრულდა 150 წელი უდიდესი ქართველი მოღვაწის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) დაბადებიდან. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ დამსახურებული პროფესორის,  თვით ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფის და მისი უმცროსი მეგობრის, იური სიხარულიძის სტატიას.

უკვდავებაში გადასული ზნეობრივი გმირობა – აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ წაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან რჩეს კვალი განათლებული.

ილია ჭავჭავაძე.

ამ შეგონებამ მრავალ ქართველს გაუნათა გზა. ასეთ „კვალგანათებულთა“ შორისაა დიდი ქართველი მოღვაწე, აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილიც (1863-1953 წწ.), რომლის ღვაწლი და ცხოვრება _შეუნელებელ ინტერესს და მოკრძალებას იმსახურებს.
სტუდენტობიდან დავიწყე მისი ნაშრომების გაცნობა.
პირადად 1945 წლის შემოდგომაზე შევხვდი და მალე დამიახლოვა.
ასე გაგრძელდა სანამ გარდაიცვლებოდა. სახსოვარი ცოტა არ დამრჩენია, მათ შორის „ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერა“, რომელიც 1951 წელს დაიბეჭდა. ახლო ურთიერთობით კიდევ უფრო მეტი შევიცანი მისი დიდი სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან. ყველაზე მეტად მაინც მისი რაინდული სული მხიბლავდა. ძლიერ უბრალო იყო. ეპიური უბრალოების ასეთ ხარისხს იშვიათად თუ შეხვდება კაცი. ქართველმცოდნეები იმ დროის თითქმის ყველა, მეტნაკლებად მრავალმხრივნი იყვნენ და ექვთიმე თაყაიშვილსაც არ შეეძლო ერთ რომელიმე ვიწრო სამეცნიერო დარგს დასჯერებოდა.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე  იგი იყო აღფრთოვანებული ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძით, რომლის ინიციატივითაც გამოვიდა სამეცნიერო სარბიელზე, ხოლო სულ მალე (1889 წლის შემდეგ) ესტაფეტაც მისგანვე მიიღო. უზომოდ უყვარდა თანშეზრდილი ნიკო მარი. სიყვარულით გაიხსენებდა მის თვალწინ დავაჟკაცებულ ივანე ჯავახიშვილს. აბა აკაკი შანიძე და ნიკო ბერძენიშვილი ხომ შვილებივით უყვარდა. გულისტკივილით მოიგონებდა სიმონ ჯანაშიას „უღვთო“ სიკვდილს.
დიდი ათონელების ნათელი ათინათობდა მის თვალებში. მშობელი ხალხისა და მისი მეცნიერების წინაშე ე. თაყაიშვილის ღვაწლი ისეთია, რომ იგი „შეუძლებელია რაღაც საზომით შეფასდეს“ (პროფ. და. ხახუტაიშვილი).

უდიდესია მისი წვლილი იმ დიდ საქმეში, რომელმაც განსაზღვრა ქართული ისტორიოგრაფიის ახალ ხარისხზე ამაღლება. გარდა შესაშური ენერგიულობისა, აქ დიდ როლს ასრულებდა მკვლევარის მრავალმხრივი და საფუძვლიანი მომზადება. ე. თაყაიშვილი არა მხოლოდ საკუთრივ ისტორიაში გრძნობდა თავს თავის უფლად, არამედ ისეთ საისტორიო დისციპლინებსაც ღრმად ფლობდა, როგორიცაა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პალეოგრაფია, ფოლსლორისტიკა და სხვა.
ე. თაყაიშვილს სამოციანელთა ის ალი უნათებდა გზას, რომელმაც მრავალი ქართველი მოღვაწე ჩააყენა მშობელი ხალხის სამსახურში. დიმიტრი ბაქრაძე და ალექსანდრე ცაგარელი, მოსე ჯანაშვილი და ნიკო მარი, თედო ჟორდანია და ივანე ჯავახიშვილი და ზოგი სხვა ის მეც ნიერები იყვნენ, რომლებიც დიდი გატაცებით იღწვოდნენ „ქართლის ცხოვრების“ ახლებური შემუშავებისათვის. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, საისტორიო წყაროების გამოვლენა, მეცნიერული შესწავლა და გამოქვეყნება იყო აუცილებელი.
ე.თაყაიშვილის დამსახურება, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილი მიუთითებდა, „განსაკუთრებულია“. ხანგრძლივი და გეგმაზომიერი მეცნიერული ძიებით მან ქართულ ისტორიოგრაფიას ისეთი ამაგი დასდო, რომლის „ბადალი არც მის დრომდე და არც მის შემდეგ ამ დარგის არც ერთ მოღვაწეს არ გაუწევია“.

დიდი მამულიშვილის ამ საშვილიშვილო ღვაწლს ერის მოწინავე შვილები მის დროსაც კარგად ხედავდნენ, აფასებდნენ  და მხარშიც ედგნენ. უამისოდ შეუძლებელიც იქნებოდა იმ კოლოსის აზიდვა, რომელიც მისი ნახელავ-ნააზრევია ქართველმცოდნეობის ზღვაში.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რაოდენ თვალშეუდგამი იქნებოდა ეს თვალისმომჭრელი საგანძური, მისი შემომქმედი რომ ავბედს თითქმის მეოთხედი საუკუნე სამშობლოსათვის არ მოეწყვიტა. თუმცა არც უცხოობაში ყოფილა უქმად და ერის განძის ფხიზელ გუშაგობას მეცნიერულ ძიებასაც მოხერხებულად უთავსებდა.
მისი ოცნება ქართული ძეგლების სამშობლოში დასაბრუნებლად მხოლოდ 1945 წელს ახდა, რომესაც ი.ბ. სტალინის მეცადინეობით ეს დიდი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა.
სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე რვა ათეულს იყო გადაცილებული, კვლავ ახალგაზრდული გატაცებით განაგრძობდა მეცნიერულ კვლევა-ძიებას და სიკვდილამდე დიდი ნაყოფიერებით იღწვოდა.

გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს, განისვენებს მთაწმინდის პანთეონში. მარტოოდენ პანთეონში დამკვიდრებით არ ამოუწურავს დიდი შვილისადმი პატივისცემა მადლიერ ხალხს, მისი სახელი მიეკუთვნა მშობლიური სოფლის (ლიხაურის) საშუალო სკოლას, ჩამოყალიბდა მუზეუმი, გაიხსნა ძეგლი და სხვა.
ამაგდარი მოღვაწის ხსოვნისადმი მოწიწებისა და პატივისცემის მოწმობაა იმ უამრავი სტატიის გამოქვეყნება, რომელიც ასახავს ე. თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამა თუ იმ ასპექტს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას ეწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

ყოველივე ეს ნათლად ადასტურებს იმ დიდ გულისყურს, რომელსაც ქართველი ერი იჩენს ეროვნული მეცნიერების დიდი პატრიარქისადმი. ინტერესი და პატივისცემა მისდამი არც მომავალში დაცხრება.

იური სიხარულიძე. პროფესორი.

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მისაბაძი გმირები, რელიგია, საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s