მცირე შენიშვნები რაჭის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე ერთი სოფლის მაგალითზე

ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არ არის და ვერც იქნება მევენახეობასთან თუ მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხების სრული ანალიზი, თუმცა ორიოდე სიტყვით გვინდა მიმოვიხილოთ რაჭის მევენახეობის დღევანდელი მდგომარეობა  ერთი სოფლის – ქვიშარის მაგალითზე, კონკრეტულად კი ადგილობრივი მკვიდრების კერძო საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული ვენახების ირგვლივ არსებული სიტუაცია.

სოფელ ქვიშარის ხედი

სოფელი ქვიშარი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გაშენებულია მდინარე რიონის მარჯვენა მხარეზე.  სოფელში ისტორიულად წამყვანი დარგი  იყო მევენახეობა.  დღეის მდგომარეობით ტრადიციული მევენახეობა და მეღვინეობა, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურ რეგრესს განიცდის, საუბარია კონკრეტულად ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ საკარმიდამო ნაკვეთებზე ვენახების გაშენებასა და ტრადიციული წესით ღვინის დაყენებაზე და არა მსხვილი ფირმებისა და ბიზნესმენების მიერ სოფლის მიდამოებში ვრცელი ფართების შეძენასა და ალექსანდროულის თუ მუჯურეთულის ჯიშის ვაზის გაშენებაზე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად სოფელ ქვიშარის მიდამოებშიც მსხვილ ბიზნესმენთა მიერ გაშენებულია და შენდება საკმაოდ მოზრდილი ვენახები, რომელთაც ადგილობრივ გლეხებთან საერთო არაფერი აქვს.

სოფელში არსებული, მკვიდრი მოსახლეობის კუთვნილი ბევრი ვენახი სრულიად გავერანებულია. კულტურული ვაზი მოვლის გარეშე ვერ ძლებს, შესაბამისად, მეპატრონის მიერ მიტოვებული ვენახი მეორე წლისთვის სრულიად კარგავს  სახეს. ადგილობრივი მცენარეული საფარის ზრდის თავისებურების გამო კი მაშინვე ეკლით და ხშირი ბუჩქნარით იფარება. ყოველწლიურად დაუმუშავებელი ვენახების რაოდენობა იზრდება.

ვენახი სოფელ ქვიშარში

ვენახების დაუმუშავებლობას აქვს სხვადასხვა მიზეზი: პირველ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ  ტრადიციული ყოფის ელემენტების გაქრობა, ასევე მოსახლეობის მიგრაცია, შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალაქებშია გადასახლებული, ხოლო  დარჩენილი მცხოვრებლების მიერ  არ ხდება ახალი ვენახების გაშენება. ძველი ვენახები თანდათანობით ,,ბერდება“, მეპატრონე უკვე გადაბერებულ თუ გამხმარ ვაზს უბრალოდ გამოხშირავს, ახლით შევსების გარეშე, რაც ბუნებრივია, დროთა განმავლობაში, რეგრესის წესით,  მაინც ვენახის ,,სიკვდილს“ ნიშნავს.

ვენახი სოფელ ქვიშარში (მთა ყავრუშზე)

ვენახების დაუმუშავებლობის ერთ-ერთ მიზეზად არ შეიძლება არ დავასახელოთ  სიზარმაცე (უფრო ახალ თაობაში) და ზოგადი ნიჰილისტური განწყობაც, რაც მთლიანად რეგიონში საკმაოდ იგრძნობა, არა მხოლოდ ტრადიციულ მევენახეობაში. როგორც უკვე ითქვა, სოფლის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მიგრირებულია ქალაქებში, ხოლო კანტიკუნტად დარჩენილი მოხუცები, თავიანთი დარჩენილი სიცოცხლით თუ გაუხანგრძლივებენ ძლივს მოღიოფე ვენახებს არსებობას.

ძველი ვენახების შარაგზა

ტრადიციული აგროწესების, მევენახეობის, მეღვინეობის მთელი რიგი საკითხების მივიწყება პოსტსაბჭოთა პერიოდის სინდრომი როდია, აღნიშნულ პრობლემაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება კ. მოდებაძეს, ვ. დემეტრაძეს და სხვებს, ვისაც კი რაჭის მევენახეობასთან შეხება ჰქონია.

გავერანებული ვენახი

საბჭოთა კავშირის დროს გაჩაღებულმა კოლექტივიზაციამ, როგორც ჩანს, ძირეულად შეცვალა ტრადიციული მევენახეობა. მართალია, კომუნისტებმა დანერგეს ახალი სტანდარტები და მეთოდები, მაგრამ ისინი რამდენად უკეთესი იყო ძირძველ, ადგილობრივ კლიმატზე მორგებულ და საუკუნეების განმავლობაში ემპირიულ გამოცდილებაზე მდგარ ტრადიციულ მევენახეობაზე და ღვინის დაყენების წესებზე, ძნელი სათქმელია. ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ  ძველ ჩანაწერებში აღწერილ და ეთნოგრაფიულად ფიქსირებულ  ინფორმაციას ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, კომუნისტების დროს დანერგილ (და ბოლო დრომდე არსებულ) ცოდნას, განსხვავება საგრძნობია. ჩვენი მიზანი არ არის და ვერც იქნება ერთმანეთს შევუპირისპიროთ ძველი ყოფის ელემენტები:  ხორგო, ჩარჭილა (ხის მომცრო ჭურჭელი ყურძნის ჩასაკრეფად და დასაწურადაც), ჭურები, დაწურვის თავისებური წესები და ა.შ. და თანამედროვეობის მიერ შემოტანილი და ხმარებული შუშის ბოცები, პლასტმასის თუ ლითონის ავზები, ხელოვნური საფუარები და ა.შ. ფაქტი ერთია, ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა მკვეთრ ცვლილებებს განიცდიდა და დღესაც განიცდის. ეს ცვლილებები კი თავისთავად აისახება მევენახეობის ტრადიციებზე, ჯიშთა მრავალფეროვნების გაქრობაზე და გამოიხატება საწარმოო მიზნით მხოლოდ კონკრეტული ჯიშების  გაშენებაში.

უკვე გამხმარი ვაზი გავერანებულ ვენახში

უახლოესი საუკუნის მანძილზე, ვენახის თავგადასავალი თავად ძველ ვენახებში შეგვიძლია ვიხილოთ, როცა ტრადიციული წესით ,,სამეულებად“ გაშენებული ვაზი ხარდანზე (ხარდანი – იგივე სარი) გადაკეთებულია მწკრივებად (სამეული – ვაზის გაშენების წესი, როცა ვაზი ირგვება ჯგუფებად, თითოეული ასეთი ჯგუფი შედგება თანაბარი მანძილით დაშორებული სამი ძირი ვაზისგან, რომელიც გეგმაში სამკუთხედს ქმნის, ვენახი კი ასეთი სამეულებისგანაა შედგენილი, ასეთი წესით გაშენებულ ვენახებში მწკრივები არ არის), ძველი ვენახები, რომელიც ,,სამეულებად“ იყო გაშენებული, კომუნისტების შემდეგ გადაუკეთებიათ მწკრივებად, ბუნებრივია, ამისათვის ზოგიერთი ვაზის გადაწვენაც გახდა საჭირო, ამიტომ ძველ ვენახებში ხშირად შეხვდებით მწკრივებს, სადაც გადაწვენილი ვაზის ტანი შუა მწკრივშია ამოჩრილი, ხოლო ტანის მეორე ბოლო – მწკრივის გასწვრივ. დღესდღეობით, მეპატრონეების მიერ დაუმუშავებლად გაშვებულ ასეთ ვენახებში მინიმუმ მევენახეობის სამჯერ ცვლილების რეალურ სურათს ვხედავთ, პირველი – როცა ესა თუ ის ვენახი ხარდანზე იყო გაშვებული (კომუნისტებამდელი პერიოდი), მეორე – როცა მეპატრონემ ახალი სტანდარტების შესაბამისად მწკრივებზე გადაიყვანა ვენახი (კომუნისტების პერიოდი) და მესამე – როცა სოციალ-ეკონომიკური პირობების გამო კერძო მემამულე გლეხმა სრულიად გაანება თავი მის მოვლას ან უბრალოდ აგრძელებს ვენახის ზერელე დამუშავებას განახლების გარეშე (დღევანდელი პერიოდი).

გავერანებული ვენახი

ვენახების დაუმუშავებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ  გვერდიგვერდ არსებული ვენახებიდან რომელიმეს დაუმუშავებლობის შემთხვევაში რთული ხდება მეზობლის ვენახის მოვლაც, ვინაიდან სწრაფმზარდ მცენარეულ საფარსა და გატყიურებულ მომიჯნავე ფართში იბუდებს მრავალი ფრინველი, რომელიც ანადგურებს სიმწიფეში შესულ მოსავალს. შესაბამისად, გატყიურებულ სავენახე მიწებში კუნძულივით დარჩენილი დამუშავებული ვენახის პატრონები ვაზის მოვლის აზრს ვერ ხედავენ. ფრინველებისა თუ ცხოველებისაგან მოსავლის დაცვის მიზნით ამბროლაურის რაიონის მრავალ მოზრდილ ვენახში შეხვდებით ხმის გამომცემ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც თოფის გასროლის ხმას გვაგონებს და აფრთხობს ნადირ-ფრინველს, თუმცა მცირე კერძო ნაკვეთების მქონე მეპატრონეებისათვის მსგავსი მოწყობილობების დამონტაჟება მოუხერხებელია ან დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ძველი ჯიშების ასორტიმენტი როგორც ჩანს მრავალფეროვანი იყო, თუმცა გადაბერებული ვაზის ძირები ასევე კატასტროფულად სწრაფად იღუპებიან. კერძო მემამულეთა მიერ ახალი ვენახის გაშენება ან ახალი ვაზის დარგვა ძალზე იშვიათია და ისიც მხოლოდ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშების შემთხვევაში ხდება. ხშირად მომხდარა, რომ ძველი ძირები გადაუჭრიათ და აღმოცენებულ მწვანე ყლორტებზე ზემოხსენებული ჯიშები გადაუმყნიათ.

ხნიერი ვაზის ეგზემპლარი

ბუნებრივია, წარსულში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებზე ვენახის გაშენება არ ატარებდა კომერციულ ხასიათს და ის მთლიანად პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენებოდა. დღეის მდგომარეობით, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ყურძენზე გაზრდილ მოთხოვნას შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო გაეჩინა (სხვადასხვა წლებში ერთი კილოგრამი ზემოაღნიშნული ჯიშის ყურძნის ფასი 5-დან 10 ლარამდე მერყეობს), თუმცა მთელი რიგი პირობების გამო, ვერც ეს იქცა ადგილობრივებისათვის სტიმულად. დამუშავების პრიმიტიული მეთოდები, კომერციული მიზნით მოსავლის მოწევის გამოცდილების არქონა, სიზარმაცე, ნიჰილიზმი, ქალაქში მიგრაციის მძაფრი სურვილი და სხვა მსგავსი მიზეზები კომპლექსურად იწვევენ ადგილობრივების ინდიფერენტიზმს. აღნიშნულის ფონზე კი სავენახედ ვარგისი ფართების ერთი ნაწილი უცხოთა ხელში გადავიდა (მაგალითად მთა ყავრუშის და საკატიის მიდამოებში), მეორე ნაწილი სრულიად მინებებული და გავერანებულია, ხოლო რიონის ჭალაში არსებული ნაკვეთი, სადაც კომუნისტების დროს დიდი სანერგე მეურნეობაც არსებობდა, ნაწილი გავერანებულია, ნაწილი საქონლის საძოვრად გამოიყენება, ხოლო ნაწილობრივ თაბაშირის ქვის დასაყრელი მოედანია მოწყობილი და ქვის ნამტვრევებითაა მოფენილი. აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ რაჭაში ჰესების კასკადის მშენებლობით დაინტერესებულმა მთავრობამ, თითქმის მთელი ჭალა დაირეგისტრირა, განხილვაში იყო ამ ადგილების სრულიად დატბორვა და ჰესის მოწყობა, თუმცა ჯერჯერობით პროექტის განხორციელების გეგმებისა და სავარაუდო დროის შესახებ არაფერია ცნობილი.

ხნიერი ვაზის მტევანი

სოფელი ქვიშარი, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს, ამ ორი კუთხის ყოფის თავისებურ ნაზავს წარმოადგენს. ეს შეიძლება ითქვას ვაზის ჯიშთა ასორტიმენტზეც – აქ გარდა რაჭული ჯიშებისა, გვხვდება ლეჩხუმური ჯიშებიც, როგორებიცაა: ცხვედიანის თეთრა, ნაკუთნოური (ნაგუთნოური), ლეჩხუმური ოჯალეში და ა.შ. ზოგადად, ძველ ვენახებში ჯიშთა მრავალფეროვნება შეიმჩნევა, რომელიც ძველი ვენახების კვდომის პარალელურად სამუდამოდ იღუპება. ბუნებრივია, უმეტესი მათგანის სახელიც არაა ცნობილი, ზოგიერთი სრულიად უცნობ ჯიშს წარმოადგენს (მაგალითად მეტონიძეული, ანუ მეტონიძისეული). ბუნებრივია, იშვიათი ან გადაშენების პირას მდგარი ჯიშების გამოვლენას და გადარჩენას სათანადო ყურადღება უნდა ექცეოდეს. ამ მიზნით ქვეყანაში შექმნილია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა აქვს. ჩვენი მიზანი არ არის არც ვინმეს კრიტიკა ან ნეგატივის ძებნა, თუმცა ზემოხსენებულ ცენტრში არსებულ ხარვეზებზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ. ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჯიღაურაში დაცული ვაზის ჯიშების სწორი იდენტიფიკაციის თუ დაცულობის საკითხი, არც მათ მიერ მოწყობილი ექსპედიციების სიხშირის შესახებ შეგვიძლია რაიმეს თქმა. ფაქტი კი ერთია – ვაზის ჯიშების გადარჩენის საქმეში მეტი აქტიურობაა საჭირო, საველე პირობებში მეტი მუშაობა, ვინაიდან თუნდაც ერთი სოფლის მაგალითზე ცხადია, რომ ყოველწლიურად ძველი ვენახების ფართობი კატასტროფიულად მცირდება და ამის პარალელურად მცირდება შანსები გამოვავლინოთ დღემდე უცნობი ვაზის ჯიშები ან მათი სასარგებლო კლონები.

მუჯურეთული

როდესაც სოფელ ქვიშარის ტრადიციულ მევენახეობა-მეღვინეობის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით სოფელში არსებულ გვიანი შუასაუკუნეების მარანს, რომელიც სამეგრელოს მთავარ დადიანს ეკუთვნოდა. ამ შენობის ნანგრევს მოსახლეობა დღესაც ,,დადიანის სასახლეს“, ან უბრალოდ ,,სასახლეს“ ეძახის. შენობა თავიდან სამსართულიანი ყოფილა, ხოლო სარდაფში მარანი იყო მოწყობილი. ახლომდებარედ გაშენებული ვენახებიდან ღვინო იწურებოდა, რომელიც დადიანისთვის იგზავნებოდა. გაურკვეველია, როდის დაანგრიეს ზედა სართულები, მაგრამ კომუნისტების დროს შენობა უკვე ერთსართულიანი იყო და მას კოლექტივი მარნად იყენებდა. მარანში ასევე ინახებოდა უზარმაზარი საწნახელი. შენობა 1990-იან წლებამდე იდგა, ხოლო მოგვიანებით დიდთოვლობამ სახურავი დაუზიანა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო მისი დანგრევა და საშენი მასალის მიტაცება (ვინაიდან რიყის ქვებით იყო ნაშენი და გამოყენებული იყო თლილი ქვებიც). 2004 წლამდე შენობა თითქმის სანახევროდ იყო დანგრეული, თუმცა მაინც იდგა, შიგნით არსებული ქვევრები კი ვანდალურად ჩალეწეს. 2019 წელს თითქმის განადგურებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ალბათ არცერთი მაგალითი სიმბოლურად ისე ვერ ასახავდა ქვიშარის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება-დაკნინების ეტაპებს და პროცესს, როგორც ეს შენობა. მასზე სრულადაა აღბეჭდილი მდგომარეობა ძველი დიდებიდან სრულ განადგურებამდე.

“დადიანის სასახლის” (მარანის) ფოტო – დევი ბერძენიშვილის კოლექციიდან. 1988 წ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
“დადიანის სასახლის” (მარნის) დღევანდელი მდგომარეობა

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით პრობლემა არსებობს, რომლის აღმოფხვრა კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. კიდევ ვიმეორებთ, მოცემულ სტატიაში საუბარია ადგილობრივი მკვიდრების მიერ, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული ვენახების შესახებ და არა კომერციული მიზნით კერძო კომპანიების და მსხვილი ბინზესმენების მიერ ალექსადროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვაზის მასობრივ გაშენებაზე, რისი ტენდენციაც ბოლო წლებში ამბროლაურის რაიონში ნამდვილად შეინიშნება. ადგილობრივი გლეხების კერძო ვენახები ამ კონტექსტიდან თითქოს მთლიანდაა ამოვარდნილი და რაჭის მევენახეობა-მეღვინეობაზე საუბრისას ან არ ახსენებენ, ან მხოლოდ კომერციულ კონტექსტში. არადა, რეგიონში ტურიზმის განვითარებას დიდად შეუწყობდა ხელს სწორედ ადგილობრივ ტრადიციებზე დამყარებული მევენახეობა-მეღვინეობის აღდგენა, ტურიზმს ხომ ის ეგზოტიკა და თავისებურება იზიდავს, რაც კონკრეტულ რეგიონს ახასიათებს და არა  ზოგადი ალკოჰოლური სასმელების წარმოების ის სტანდარტები, რაც საერთოა მსოფლიოს ყველა რეგიონისათვის.

დამატებითი ფოტოები:

წულუკიძის თეთრა
ვაზის საუკუნოვანი ტალავერი
ძველი ვენახის ყორე
ვენახი სოფელ ქვიშარში
ძველი ვენახების შარაგზა
ძველი ვენახების შარაგზა
გაურკვეველი ჯიშის ძველი ეგზემპლარი ძველ ვენახში
გაურკვეველი ჯიშის ძველი ეგზემპლარი ძველ ვენახში
გაურკვეველი ჯიშის ძველი ეგზემპლარი ძველ ვენახში

About diaokh

21 years old
This entry was posted in გალერეა, მხარეები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი