იური სიხარულიძე-გრიგოლ ბაკურიანისძე – ბიზანტიის დიდი მხედართმთავარი (XI ს)

bakur
პროფესორ იური სიხარულიძის სტატია ბიზანტიის ქართველ მხედართმთავარსა და მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურაზე _ გრიგოლ ბაკურიანისძეზე.

….მცირედნიღა ვინ ჩუენგანნი მომკუდარი არიან სარეცელსა ზედა თვისსა მშვიდობით, რომელნი არა ხელთაგან საბერძნეთისა და ძელისა ცხოვრებისა მტვერთაისა მახვილითა მომწყდარ არიან“_წერდა დიდი გრიგოლ ბაკურიანის ძე პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში და რამდენიმე წლის შემდეგ ისიც „სისხლთა და თვისთა“ მისთა უმრავლესთა  კვალად ბრძოლის ველზე დაეცა.

ეს იყო 1086 წელს, როდესაც ბიზანტიის ლაშქარი მისი მხედართმთავრობით პაჭანიკებს ებრძოდა, პატარა ბულგარული ქალაქის ველიატოვის ახლოს – ახლანდელი პლოვდივის (ძველი ფილიპოპოლი)  მხარეში.

როცა გონიერმა მხედართმთავარმა მტრის მეტისმეტი რიცხობრივი სიჭარბე შენიშნა , სავსებით სწორად გარიდება ამჯობინა, მაგრამ ბერძენი მოადგილე – ვრანა – ვერ დაიყოლია. ისტორიკოსი ანა კომნენი ძრახავს ბერძენ სარდალს, რომელიც თუმცა, „ძალიან მამაცი მებრძოლი“ იყო, მაგრამ ამავე დროს თავზეხელაღებული“.  გ. ბაკურიანისძე კარგად იცნობდა ვრანას, და იმასაც ნათლად ითვალისწინებდა, რადაც შეიძლება დაჯდომოდა მისი დაჟინება, მაგრამ, როგორც ქართველს, აფიქრებდა, თავის წინააღმდეგობას ბერძენთა შორის რაიმე ეჭვი არ წარმოეშვა იმაზე, რომ თითქოს „ის სილაჩრით ომის გადადებას აპირებდა“ და ამიტომაც იძულებული იყო მიჰყოლოდა ბერძენი სარდლის „შემართებითს მოთხოვნას“.

მთავარსარდალმა უბრძანა ჯარს საბრძოლველად მომზადება, შეადგინა ბრძოლის გეგმა და „შუა ფალანგის შუა ნაწილი თვითონ დააწყო“.

როცა ბიზანტიელები მტერს მიუახლოვდნენ და მისი სიმრავლე იხილეს, „შიშის ზარი დაეცა ყველას“.

სამხედრო ხელოვნების მსოფლიოს ისტორიაში იშვიათად შეიძლება მოიძებნოს შეტევა, რომელიც ასეთი ფსიქოლოგიური შოკის პირობებში წარმართულიყო. მცირერიცხოვნების კომპენსაციის ნაცვლად, რაც ჩვეულებრივ ლაშქრის ძლიერი სულიერი დამუხტვით უნდა განხორციელებულიყო, საპირისპირო მდგომარეობა მივიღეთ. ცხადია, ასეთ ვითარებაში ბიზანტიელებს არესი ვეღარაფერს უშველიდა.

ყოველმხრივ უთანასწორო ბრძოლაში ბიზანტიელთა დანაკლისი დიდი იყო. მალე სასიკვდილოდ დაიჭრა წინდაუხედავი ბერძენი სარდალი. ისტორიკოსი აქებს მთავარსარდლის „მხედრულ შემართებას“, მაგრამ ბრძოლიდან ვერც ის გამოვიდა ცოცხალი. მისთვის ჩვეული გააფთრებული კვეთების ჟამს გრიგოლ ბაკურიანისძე თავისი ცხენით უცაბედად მუხას დაეჯახა და მაშინვე გარდაიცვალა….

ამ მძიმე მარცხმა ძლიერ შეაძრწუნა ქვეყანა. დიდად შეწუხდა იმპერატორი ალექსი I კომნენიც (1081-1118), რომელმაც „დაიტირა დაღუპულები ყველანი ცალკ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის სიკვდილის გამო განსაკუთრებით სწუხდა (ა. კომნენი).

„დომესტიკოსი“ ბიზანტიის დასავლური სამხედრო ოლქის სარდალს ეწოდებოდა. ეს თანამდებობა გრ. ბაკურიანისძემ 1081 წელს მიიღო. მანამდე ის იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის სარდალი ანუ „აღმოსავლის ზოლავარი“ იყო, როგორც დიდი დავითის ისტორიკოსი ამბობს. საინტერესოა, რომ დომესტიკოსის პოსტზე ჩვენმა „სევასტოსმა“ და „ზოლავარმა“ თვით ალექსი კომნენი შეცვალა. იმპერატორი ახლოს იცნობდა გრიგოლ ბაკურიანისძეს, „როგორც ნიჭიერ კაცს“ და იცოდა მისი უებრო სარდლური შემართება „ჯარის მომზადებაში, მის დაწყობაში“ და დიდი მოხერხებულობა „საბრძოლო წყობის გამოგონებაში“.

ამ თვისებებმა განსაზღვრეს კიდეც „იბერთა უბრწყინვალესი გვარის“ ამ შესანიშნავი წარმომადგენლის დიდი მხედრული წარმატება.
„ძე ერისთავთა მთავრისა ბაკურიანისათა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს განთქმული ისტორიული ოლქის – ტაოს (ჭოროხის ხეობა) მკვიდრი იყო, ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკურ სარბიელზე ნიჭიერად აგრძელებდა თავის სახელოვანი წინამორბედი ქართველი მხედართმთავრების ფარსმან კოლხის (V ს.) და მისი შვილიშვილების – რუფინესა და ლეონტის (VI ს.), უფლისწულების – ფირანისა და ფაზა იბერიელების (VI ს.) ბარდა სკლეროსის დამთრგუნავი თორნიკე ერისთავის (X ს.), თორნიკე მეორე „პროთოსპათარისა“ („მხედართმთავართა უპირველესი“) და მრავალ სხვათა ბრწყინვალე ტრადიციებს.
და ეს ქართველთა მხედრული თუ პოლიტიკური ნიჭის უბრალო დემონსტრაცია კი არ იყო ბიზანტიაში, არამედ, ეს იყო დიდი გონიერებისა და სიმამაცის პროგრესთან შეწყობილი მოღვაწეობა. ამავე ტრადიციებს ანვითარებდნენ მათი შორეული მემკვიდრენი „მესამე რომში“ და იგი არც შემდგომ შეუწყვეტიათ.

დიდი დრო გავიდა გრიგოლ ბაკურიანისძის გარდაცვალებიდან, მაგრამ მეცნიერებისა და ხალხის ინტერესი მისდამი არათუ არ ცხრება, პირიქით, დღითიდღე იზრდება, თუმცა მისი ცხოვრება და, განსაკუთრებით კი, სამხედრო მოღვაწეობა, ჯერჯერობით მაინც ვერ არის შესწავლილი სასურველი სრულყოფით.

და დგას ამაყად დიდბუნებოვანი დიდკაცის მარად გაუხუნარი სახე საუკუნეთა სიღრმეში და ელის ისტორიკოსს, რომელიც განასახიერებდა მას თავისი დროის „აღმავალი ძლიერი და ქედმაღალი“ სამშობლოს სიმაღლიდან.

იური სიხარულიძე
პროფესორი.

About diaokh

21 years old
This entry was posted in სხვადასხვა ქვეყნები. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი