გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხი

01.11.2012

დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი (რომელიც, სხვათა შორის, წარმოშობით ქართველია) სტუმრობდა გიშის ეკლესიას (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და მას იგი გააცნეს ალბანურ ძეგლად (რაზეც ასევე მიუთითებს იქვე არსებული საინფორმაციო დაფა). თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ მოვლენას საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებიდან არავითარი პასუხი არ მოჰყოლია.

   

გიშის ეკლესია წარმოადგენს X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშს. თავად გიში, წუქეთის საერისთავოს ცენტრი გახლდათ, გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა, რეზიდენცია. ეს გახლავთ საქართველოს ისტორიულ-გეორგაფიული მხარის, ჰერეთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბედის უკუღმართობისა თუ სხვადასხვა ადამიანთა გონებაბრჯგუობის შედეგად, დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.  აზერბაიჯანული სახელმწიფოს ინტერესებში კი არ შედის გიშის ეკლესიის ქართულობის აღიარება(სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო), ამიტომაც ისინი ამ ქართულ ეკლესიას ალბანური კულტურის ძეგლად წარმოადგენენ და ამბობენ, რომ თავადაც ალბანელების შთამომავლები არიან.

ამ სტატიის მიზანია მკაფიოდ განვმარტოთ, თუ ვის ეკუთვნის გიშის ეკლესია ისტორიულად, რათა საკუთრივ საქართველოს მოსახლეობამ მაინც იცოდეს ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ისტორიული კუთვნილების საკითხი.

  გიშის გუმბათოვანი ეკლესია სოფელ გიშის (აზერბაიჯანულადKiş)ცენტრში მდებარეობს, მას აშკარად ემჩნევა გადაკეთება-განახლების არაერთი ნიშანი. ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ მაღალია. ალ. ხახანაშვილს მიაჩნდა, რომ ეს ბოლო დროის გადაკეთების ნაყოფი უნდა ყოფილიყო, სომხური ეკლესიების ყაიდაზე, როდესაც მათ იგი აქციეს თავიანთ სამლოცველოდ. მართლაც, საკურთხევლის რამდენიმე ფენის ნალესობის მიხედვით ეს მომენტი კარგად დასტურდება.

როგორც ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლევან ჭილაშვილი თავის წიგნში „კახეთის ქალაქები“ აღნიშნავს, „დღესაც არის შემორჩენილი პირველხარისხოვანი არქიტექტურული ძეგლები: ლეკითი (ლექართი),  ყუმი და კასრი კობალა – ქურმუხის ხევში. განსაკუთრებით უნდა მოვიხსენიოთ გიშის საეკლესიო ეპარქია, რომელიც ყურადღების ცენტრში ექცევა ქრისტიანობის გავრცელების პირველსავე პერიოდში“.  შემდეგ ჭილაშვილს მოჰყავს ვახუშტის სიტყვები_ „გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა,წუქეთისა და შაკიხისა“.

ამის შემდეგ ჭილაშვილი განაგრძობს _ „გიშის ძველი ეკლესია მოგვიანო გადაკეთებებით დღესაც არის შემორჩენილი დღევანდელი რაიონული ცენტრის _ შექის ჩრდილოეთით 5 კმ_ზე, მდინარე გიშის წყლის მარჯვენა მხარეს. საცნაურია, რომ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ტაძრების მსგავსად დაკავშირებული უნდა იყოს გიშის სარწყავ სისტემასთან, რომელიც დღეს კარგად მიინიშნება მდინარის მარჯვენა მხარეს სოფელ უხოთის ბოლოდან რამდენიმე კილომეტრზე.“

თათარ-მონღოლთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა XVII საუკუნეში, შაჰ-აბასის დროს.  საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ვრცელი მონარქიის აღმოსავლეთი პროვინციები თათარ-მოღოლთა და შემდეგ თურქმანთა და სპარსთა თარეშის შემდეგ თანდათან ჩამოსცილდა საქართველოს და XVII საუკუნის დასაწყისისათვის უკვე ყანი-ყობით (სისხლიანი ღელე, კაკის აღმოსავლეთით 10 კმ.) შემოიფარგლა.  გაძლიერებული ანექსია ჯერ კიდევ მონღოლების დროს დაიწყო, როცა საქართველოს აღმოსავლეთის საზღვარმა აღ-სუზე (თეთრი წყალი), შემახასთან გადმოინაცვლა. აქ ჯერ კიდევაა შემორჩენილი ქართული ან ქართულზე მიმანიშნებელი ტოპონიმები: გიურჯი ვანი, შიბლიანი, წინუბანი, უფრო ადრეული ხანის აღსანიშნავად კი სამხრეთ დაღესტანში შემორჩენილია არაერთი „გურჯიკალა“.

XVII საუკუნეში კი შაჰ-აბასმა საქართველოს აღმოსავლეთით ჩამოაცალა მისი ისტორიული პროვინცია საკმაოდ ვრცელი ტერიტორიითა და ნაყოფიერი ადგილებით, რითიც მან დააარსა ალის სასულტნო. სხვადასხვა ცნობების გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კაკის ადმინისტრაციული პროვინცია თუ გეოგრაფიული მხარე, ალის სასულტნოშია ამ სასულტნოს დაარსების დღიდანვე. უფრო ადრე ეს ადგილები წუქეთის საერისთაოში შედიოდა, რომლის ცენტრსაც გიში წარმოადგენდა. როგორც ვახუშტი აღნიშნავს:  „გიში არს მთის ძირს, რომელი იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა. არამედ მიუხუნა შააბაზ კახეთს და ჰყო სასულტნოდ, და ამას ეწოდა წუქეთი, და აწ უწოდებენ ალი სულთნად“. ესე იგი წუქეთის საერისთაოს ფარგლებშია უშუალოდ გიში, შაქი და გიშის წყლიდან მოყოლებული ვიდრე ქურმუხის ხეობის ჩათვლით.

წუქეთის წამყვან მოსახლეობას წარმოადგენდნენ წახურელები, რომლებიც იყვნენ ქართველური ჯგუფი. თვითონ წუქეთი კი, ჯუანშერის ცნობის მიხედვით, ჯერ კიდევ ადრეფეოდალური ხანის კახეთის შემადგენლობაში ჩანს. ის მოიხსენიება არჩილ მეფის ისტორიის თხრობისას – „ამის შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი -ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა, და დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი, და ხევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე.“

გიში არის  ქართულ ისტორიულ წყაროებში აღნიშნული ერთ-ერთი დიდი ცენტრი საქართველოდ ცნობილი კულტურულ-ეროვნული ერთობისა. აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ გიშის ეკლესიის გ. ჩუბინაშვილისეული აღწერაც:  “გიშის ეკლესია შვერილი ნახევარწრიული აფსიდიანი მცირე ნაგებობაა, მთლიანად ნაგებია შირიმის კვადრებით, მაგრამ აფსიდის წინ გამოყოფილია გუმბათქვეშა კვადრატი (უფრო სწორად სწორკუთხედი), ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების წინ ორი თაღოვანი საფეხურით. შესასვლელი, როგორც ჩანს, XIX საუკუნის შუა ხანებშია გაფორმებული.“

გიშის ეკლესია აგებულია ადგილობრივი ნათალი ქვით და მშვენივრად არის დაცული. გუმბათი აქვს დიდი და სწორედ იმ ფორმისა (კონუსური),  როგორიც სჩვევიათ საზოგადოდ საქართველოს ძველ ეკლესიებს.

საქართველოს მეფე არჩილმა VII საუკუნეში დააარსა აქ საეპისკოპოსო კათედრა გიშელისა.  როცა აქ ქართველობა შესუსტდა და საქართველოს ეკლესიასაც კათალიკოსი აღარა ჰყავდა, მაშინ უპატრონო ეკლესიას სომხის სამღვდელოება დაეპატრონა და თავისად გამოაცხადეს იგი 1852 წლიდან. შემდგომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფ. ხახანაშვილს უნახავს ეს ეკლესია 1890 წელს და წერს: „სომხებს იგი თავიანთი ეკლესიის ყაიდაზე გადაუკეთებიათ, ტრაპეზი ძალზე აუმაღლებიათ, როგორც შეჰფერის მათ ეკლესიებს, და ეს აშკარად ეტყობა მის სრულიად ახალს ნაშენობას.“

პლატონ იოსელიანის გამოკვლევით, „გიშის ეპარქია გაუხსნია ვახტანგ გორგასლანს V საუკუნეში. არჩილ მეფე VII საუკუნეში ადგენს სიას იმისას, თუ რა რიგზედ უნდა ისხდნენ ეპისკოპოსნი ნეფის კურთხევის დროს. ამ სიით გიშის ეპისკოპოსს მიჩნეული აქვს მეცამეტე ადგილი. მეფე ერეკლემ და ანტონ კათალიკოსმა განაახლეს ეს სია. ისინი წერდნენ: „უკეთუ ოდესმე აღდგენილ იქმნეს გიშის კათედრა, მაშინ გიშელ ეპისკოპოსმა დაიჭიროს ის ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა ძველის ძველამდეო.“ „

   ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა აგრეთვე მაღალაშვილის სახარების მინაწერი, 1310 წელი: ,,ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩუენმან ექვთიმე მოიხილა კახეთს ანწუხისა საეფიზკოპოზო და მიერითგან გარდმოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი კასრი სამებისა, ყუმი ღვთისმშობლისა, ლექართის წმ. მოციქულთ სწორისა ნინოისი, ზარის წმ. მთავარ მოწამისა გიორგისა, ვარდიანს წმინდა აბოისი, განუხს არჩილისი, ქიშ-ნუხს ღვთისმშობლისა…და ამან სანატრელმან ექვთიმე მიბრძანა ქურმუხისა მთავარ ეფისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღვარსა კირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისა თჳს ეკკლესიისა, მეცა გარდავაწერინენ კაკისა წმ. ბარბარეს ტაძრისა მღვდელსა იასე ქიტავილსა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა და წარვგზავნე საყდართა მონასტერთა…”

 იგივე საუკუნის მეორე მინაწერი, იგივე სახარებაზე: ,,ოდეს ბრწყინვალემან მეფემან გიორგი გაიმარჯუა აგარიანთა ზედა განძას და შირვანს, მას ჟამსა შინა ჩუენნი სამწყსონი შაქ-ქურმუხისანი ჩინებულად იბრძოდეს ძლევად მტერთა და ამისათვის უძლეველმან გიორგი გვიწყალობა სიგელ და დაგვიმტკიცა ჩუენ ქიშელ-ქურმუხელს ზვარი…განუხს მამულნი, ყაბალასა ძუარი, ვარდთაშენს სავაწრონი (SIC.ჩამოთვლილია სხვა მამულები)…

 ..ღმერთმან წარუმართნეს უძლეველსა მეფესა გიორგი მბრწყინვალესა რომლისა მეოხებითა უმეტესად განძლიერდა ქრისტეანობაჲ მთეულთა შორის და კუალად განმტკიცდა ერთობაჲ საქართველოსა შინა…

 ..უფალო ეიწყალენ გიშელ-ქურმუხელნი: ზაქარია, პეტრე, იოანე, არჩილ, ლუკა, ევაგრე, სიო, გობრონ, გიორგი, იოსებ, ზოსიმე, ტადეოზ, მიქელ, ნიკოლოზ, ტარასი, ბართლომე, თადეოზ, თეოფილე, კჳრიონ, კჳრილე დონაური ლევან…”.


ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან ნათლად ჩანს,  რომ გიშის ეკლესია ნამდვილად ქართულია და წარმოადგენდა ქართული სულიერების ერთ-ერთ კერას.  ამ სტატიის ავტორს არ აქვს პრეტენზია რომ სრულყოფილად წარმოაჩინა ისტორიული საკითხები, თუმცა ვთვლი, რომ მოყვანილი ცნობები სრულიად ნათლად პასუხობს სტატიის მიზანს და ნათელს ფენს გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხს.

 

     :

1) ჭილაშვილი . კახეთის ქალაქები.-თბ.,1980.-გვ.24-26.

2) მარჯანიშვილი . ჰერეთი.-თბ.,2005.-გვ.25-26.

3) Г. Чубинашвили, Архитекрура Кахетии, Тб., Изд-во Академии наук Груз. ССР, 1959

4) გიშის ეკლესია //გენგიური . კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.153

5) ედილი . საინგილო.-თბ.,1947.-გვ.165-167

6) გიში //საქართველოს სულიერი საგანძური. I.-თბ.,2005.-გვ.138-139.

7) კულოშვილი . გიშის საყდარი //გაზ. :სოფლის ცხოვრება“.-1990(23 მაისი),-გვ.5

8) ჯანაშვილი, მოსე

საქართველოს ისტორია / შემუშავებული და შევსებული ავტორისაგან. – გამოცემა მეორე. – თბილისი : . ჭიჭინაძის გამოცემა, 1894, გვ.206

9) ადამია, ილია

ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები ილია ადამია // ძეგლის მეგობარი. – , 1969. – N19. – გვ.47-59

10) მუსხელიშვილი, დ.

კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს-ში / დ. მუსხელიშვილი // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული / ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. – თბილისი, 1967. – ტ.3. – გვ.55-130

11) მუსხელიშვილი, დავით

კახეთ-ჰერეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები : [პ. ინგოროყვას ” რუსთველიანას ” და ” რუსთაველიანას ეპილოგში ” გამოთქმული მოსაზრებების პასუხად] / დავით მუსხელიშვილი // ცისკარი. – , 1965. – N2. – გვ.138-155

12)პაპუაშვილი, თ.

IX-XII სს. ჰერეთის პოლიტიკური ისტორიიდან / თ. პაპუაშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. – თბილისი, 1967. – N3(36). – გვ.61-81

13) პაპუაშვილი, თ.

IX-XII სს. ჰერეთის პოლიტიკური ისტორიიდან / თ. პაპუაშვილი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. – თბილისი, 1967. – N4. – გვ.161-177

14) ადამია, ილია.

ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება. –

წ. 3 : საინგილო. – ხელოვნება, 1979. გვ.148

About diaokh

21 years old
This entry was posted in ისტორია, მხარეები, საქართველო, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. Bookmark the permalink.

2 Responses to გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხი

  1. Pingback: გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხი | საინფორმაციო-სამაუწყებლო მედიაპროექტი

  2. Pingback: გიშის ეკლესიის სადაურობის საკითხი - hereti.org | hereti.org

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s